გუაკამოლე მექსიკურ სამზარეულოს ეკუთვნის. სახელი მომდინარეობს აცკეტების დიალექტიდან āhuacamolli, რაც ნიშნავს ავოკადოს სოუსს. რადგან ამ სოუსის ბაზა ავოკადოა, მის სასარგებლო თვისებებსაც ის განსაზღვრავს, ის შეიცავს კვებით ბოჭკოს, B, K და E ვიტამინებს, კალიუმს, ნაჯერ და მონოუჯერ ცხიმებს, ასევე კაროტინებს.
ახლა კი რაც შეეხება გემოს, ხომ იცით რომ ყოველთვის გულწრფელად ვწერ ყველაფერს და ახლაც ასე გეტყვით, საკმაოდ განსხვავებული გემო აქვს, სპეციფიკური, ჩვენთვის ნაცნობ გემოს ვერ შევადარებ, გემრიელია განსაკუთრებით ლავაშის ჩიფსებთან ერთად, თუმცა ვერ ვიტყვი რომ უგემრიელესია. გემოვნების ამბავია, მომეწონა, მაგრამ ვერ აღვფრთოვანდი. თუ გაინტერესებთ გემო გამოიყენეთ ეს რეცეპტი, რადგან კლასიკური ვარიანტია და როგორც უცხოური ფუდბლოგის კომენტარებში წერდნენ, ზუსტად ისეთი გამოდის, როგორიც მექსიკაშია.

გუაკამოლე სომხური ლავაშის ჩიფსებით

მომზადების სრული დრო 15 წუთი
ულუფა 6

ინგრედიენტები:

  • 2 ავოკადო
  • 3-4 ცალი ჩერი პომიდორი
  • 1/3 თავი წითელი ხახვი
  • 1 მწვანე წიწაკა
  • 1 ს.კ. ლაიმის წვენი
  • 1/2 ჩ.კ. ზღვის მარილი
  • 3-4 ღერი ქინძი
  • გემოვნებით შავი პილპილი

ჩიფსებისთვის

  • ტორტია/სომხური ლავაში
  • ზეითუნის ზეთი
  • პაპრიკა

მომზადება: 

  • ავოკადო გაჭერით, კოვზით ამოაცალეთ შიგთავსი და გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, მოასხით ლაიმის წვენი და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ.
  • ხახვი, წიწაკა და ქინძი წვრილად, პამიდორი (მხოლოდ რბილობი, თესლის გარეშე) კი პატარა კუბიკებად დაჭერით. დაუმატეთ ავოკადოს, მოაყარეთ პილპილი და აურიეთ. გუაკამოლე მზადაა.
  • ჩიფსების მოსამზადებლად სომხური ლავაში სასურველი ზომის სამკუთხედებად დაჭერით, ზეთს შეურიეთ პაპრიკა და მიღებული მასა ფუნჯით წაუსვით ლავაშის სამკუთხედებს ორივე მხრიდან, შეგიძლიათ ჯერ წაუსვათ და შემდეგ დაჭრათ. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გაანაწილეთ ლავაშის სამკუთხედები.
  • შედგით 190-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-12 წთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: Appetizer, vegan
სამზარეულო: მექსიკური
თეგები: ავოკადო
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.