უუუგემრიელესი ნამცხვრის ძალიან, ძალიან კარგი რეცეპტი მოგიტანეთ. თაფლის ტკბილ ფირფიტებს ძალიან უხდება არაჟნის ოდნავ მომჟავო, მაგრამ ასევე ტკბილი კრემი.
ეს ნამცხვარი პირდაპირ პირში დნება, მართლაც უგემრიელესია და საკმაოდ კარგი ვიზუალიც აქვს. მართალია 10 ფენის მომზადებას შედარებით მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ასე ნამცხვარი არამარტო ვიზუალურადაა ეფექტური, არამედ გემოც უკეთესია. ამიტომ, გირჩევთ, არ დაიზაროთ და 10 ფენა მოამზადოთ.

მედოკი არაჟნის კრემით
საჭირო ინვენტარი
- ფორმა: 30 სმ. დიამეტრის.
ინგრედიენტები:
ფირფიტებისთვის:
- 3 კვერცხი
- 330 გ შაქარი
- 150 გ კარაქი დარბილებული
- 3 ს.კ. თაფლი
- 1.5 ჩ.კ. სოდა
- 600-650 გ ფქვილი
- მწიკვი მარილი
კრემისთვის:
- 375 გ კარაქი
- 450 გ არაჟანი (20 % ცხიმიანობის)
- 300 გ შაქრის პუდრა
- 2 გ შაქრიანი ვანილი
მომზადება:
ფირფიტების მოსამზადებლად:
- ფირფიტების ცომის მოსამზადებლად კვერცხი, მწიკვი მარილი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა შაქარი გაიხსნება, დაუმატეთ კარაქი და თაფლი, კვლავ კარგად გათქვიფეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ პერიოდულად 15 წუთის განმავლობაში. მასა უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე, არ უნდა ადუღდეს.
- შემდეგ გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და დაუმატეთ სოდა, მოურიეთ. ამ დროს სოდა რეაქციაში შევა თაფლთან.
- რამდენიმე წუთში დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, რასაც შეძლებთ ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით შეაზილეთ, შემდეგ კი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ხელით მოზილეთ რბილი ცომი.
- ცომი თავიდან შეიძლება ხელს ეკრობოდეს, მაგრამ მაცივარში რომ გააჩერებთ შემდეგ უფრო გასქელდება და აღარ მოგეკრობათ, ამიტომ სჯობს 600 გ. დაამატოთ და შემდეგ გაბრტყელებისას გამოიყენოთ დამატებით ფქვილი რაც დაგჭირდებათ.
- ცომისგან გააკეთეთ 10 გუნდა, დადეთ ფქვილმოყრილ თეფშზე, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედეთ მაცივარში 1 საათით.
- შემდეგ თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 2-3 მმ-ის სისქეზე, ამოჭერით 30 სმ. დიამეტრის რგოლები. ის ცომი რაც დაგრჩებათ შეინახეთ მოსაყრელი ფირფიტისთვის. (! უმჯობესია გუნდები იმავე საცხობ ქაღალდზე გააბრტყელოთ, რომლითაც გამოაცხობთ ფირფიტას, გამომცხვარს კი ძალიან მარტივად გადმოიღებთ ქაღალდიდან).
- ფირფიტები კარგად დაჩხვლიტეთ ჩანგლით, შედგით 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 5 წუთი.
- გამომცხვარი ფირფიტა ცხელივე გადმოიღეთ ქაღალდიდან, ასევე გამოაცხვეთ სხვა ფირფიტებიც.
- რგოლების ამოჭრის შემდეგ დარჩენილი ნაწილებიც გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ მე-11 ფირფიტა, რომელიც შემდეგ უნდა დაფხვნათ და ნამცხვარს თავზე და გვერდებზე მოაყაროთ.
კრემისთვის:
- კრემის მოსამზადებლად აუცილებელია რომ მისი შემადგენელი ყველა ინგრედიენტი იყოს ოთახის ტემპერატურის და ასევე შაქრის პუდრა უნდა იყოს გაცრილი. კარაქი გათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ შაქრის პუდრა და კვლავ ათქვიფეთ, ბოლოს კი არაჟანი და ვანილინი შეათქვიფეთ.
ნამცხვრის აწყობა:
- 1 ს.კ. კრემი წაუსვით თეფშის ზედაპირს, დადეთ პირველი ფენა, შემდეგ წაუსვით კრემი და დაადეთ მეორე ფენა, ასე გაიმეორეთ ბოლომდე, ბოლო ფენისა და გვერდებისთვის შედარებით მეტი კრემი დაიტოვეთ, გაულესეთ ნამცხვარს თავი და გვერდები.
- მე-11 ფენა ჩოპერში ან ხელით დააქუცმაცეთ, მოაყარეთ ნამცხვარს თავზე და გვერდებზე.
- ნამცხვარი სერვირებამდე რამდენიმე საათით შედგით მაცივარში.უგემრიელესი და უნაზესი ნამცხარი “მედოკი არაჟნის კრემით” მზადაა, გემრიელად მიირთვით!