კარგი საფუვრიანი ცომი: იმისათვის, რომ საფუვრიანი ცომი კარგი გამოგივიდეთ, არ გამაგრდეს და კარგად აფუვდეს აუცილებელია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება:
გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები (ოთახის ტემპერატურად მიჩნეულია 20-25 ℃). ეს არ ეხება იმ ინგრედიენტებს რომელთა ტემპერატურაც დაკონკრეტებულია რეცეპტში, მაგალითად “ცხელი წყალი”.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოთახში თბილოდეს, ზაფხულში ეს პრობლემა არაა, მაგრამ ზამთარში აუცილებლად დაათბეთ ოთახი სანამ ცომს მოზელთ.
ცომი რეცეპტით გათვალისწინებული ფქვილის დამატების შემდეგ შეიძლება კვლავ ხელს ეკრობოდეს და მოგეჩვენოთ, რომ დამატებაა საჭირო, თუმცა ჯერ ნუ დაამატებთ. დადგით ასაფუებლად 1-2 საათი. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ თხელია, შეგიძლიათ დაამატოთ. თავიდანვე მეტის დამატება არაა კარგი, რადგან ზედმეტი ფქვილი ცომს ამძიმებს და გაფუებაში ხელს უშლის.
ქიშმიშის დამატება ცომში: ქიშმიში ცომში დამატებამდე რამდენიმე საათით თბილ წყალში დაალბეთ, შემდეგ კი ხელსახოცზე გადაიტანეთ და გააშრეთ. ბოლოს 1-2 ს.კ. ფქვილში შეურიეთ და ასე დაუმატეთ.
კრემი: კრემი რომ არ აიჭრას და ჰაეროვანი გამოვიდეს, აუცილებელია გამოიყენოთ ერთი ტემპერატურის ინგრედიენტები, ამ შემთხვევაშიც ოთახის ტემპერატურის, თუმცა ეს არ ეხება ნაღების კრემს. ნაღების კრემის მოსამზადებლად აუციბელია რომ ნაღები და ის ჭურჭელი რაშიც მას ათქვეფთ იყოს ძალიან ცივი.
რა ვუშველოთ აჭრილს კრემს? – თუ კრემი აგეჭრათ:
დაუმატეთ 1-2 ს.კ. ზეთი, ძალიან მალე შეკრავს.
კრემი დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება, შემდეგ კი შედგით მაცივარში, კარგად გააციეთ და ამის შემდეგ კვლავ ათქვიფეთ.
მე პირველ ვარიანტს გირჩევთ, რადგან ბევრად სწრაფია.