ბლოგის შესახებ

ყველაფერი 11 წლის წინ, 2013 წლის 1 თებერვალს დაიწყო, მაშინ, როცა 15 წლის ასაკში შევქმენი კულინარიული ბლოგი ბლოგსფოთის პლატფორმაზე. ბლოგის შექმნის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ვუყურე ფილმს "ჯული და ჯულია". მთავარი მიზანი დაწყების დღიდან ერთია - საზოგადოებას გავუზიარო ჩემ მიერ გამოცდილი სანდო რეცეპტები ისე, რომ სამზარეულოში სრულიად ახალბედა ადამიანმაც კი შეძლოს გაგება და გამეორება, მიიღონ უგემრიელესი შედეგი და ისიამოვნონ.

ამ 11 წლის განმავლობაში იცვლებოდა მიდგომა ბლოგის მიმართ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ გლობალურადაც. მეც ტექსტობრივი რეცეპტებიდან ნელ-ნელა ვიდეო ფორმატზე გადავინაცვლე, YouTube ვიდეობის ხანა მარტივად ჩაანაცვლა Instagram-ის ესთეტიურმა კონტენტმა, რომელიც ჩემი ფავორიტია და გადაღება/მონტაჟი და საბოლოო შედეგის ყურება ერთნაირად მსიამოვნებს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში საიტი მივივიწყე, არადა ყველაფერი ხომ სწორედ აქედან დაიწყო, თუმცა მივხვდი რომ მისი არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრად უფრო მარტივად შეიძლება სასურველი რეცეპტის მოძიება. ხო და, ვუბრუნდები იმას, რითიც დავიწყე და მახარებს ეს გადაწყვეტილება.

ვინც დიდი ხანია ჩემს გვერდს იცნობთ, გეცოდინებათ რომ პროფესიად მედიცინა ავირჩიე და ფინიშის ხაზიც მიახლოვდება, რეზიდენტურის 1.5 წელიც და ექიმი ენდოკრინოლოგი გავხდები, რაც, რაღა თქმა უნდა, მინდა რომ საიტზეც აისახოს და ამ მხრივაც მეტი საინტერესო ინფორმაცია გაგიზიაროთ.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა მოგზაურობაზე, რაც ასე ძალიან მიყვარს. "ბლოგის" განყოფილებაში ჩემი მოგზაურობების შესახებ განხილვებს და რეკომენდაციებსაც იხილავთ.

მადლობა რომ ჩემთან ხართ ♡