გურული ღვეზელი, ცნობილი ასევე როგორც საშობაო ღვეზელიგანსაკუთრებული ტიპის ხაჭაპურია, რომელიც ტრადიციულად მზადდება გურიაში (და არა მხოლოდ).

წლებია ამ ღვეზელის მომზადება მინდა, თუმცა რატომღაც ვერა და ვერ მოვახერხე. გუშინ საღამოს აღარ გადავდე და გამოვაცხე. ძალიან მარტივი და სწრაფად მზადდება, თუ ცომის გასაფუებელ დროს არ ჩავთვლით. სხვადასხვანაირი ცომით ამზადებენ, მე საფუვრიანი ცომი გამოვიყენე და არაჩვეულებრივი გამოვიდა. დაგვიანებული ახლაც არაა, მაქსიმუმ 3 საათი დაგჭირდებათ ამ უგემრიელესი ღვეზელების გამოსაცხობად.

გურული (საშობაო) ღვეზელი

მომზადების სრული დრო 3 საათი
ულუფა 6

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • 500 ფქვილი (დაახლოებით 100-150 გ. შეიძლება დაგჭირდეთ გადასაზელად)
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ს.კ. საფუარი
  • 300 მლ თბილი წყალი (ხელს ოდნავ უნდა წვავდეს)
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

შიგთავსისთვის:

  • 6 კვერცხი
  • 600 იმერული ყველი

ზემოდან გადასასმელად:

  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. იოგურტი/მაწონი

მომზადება: 

ცომის მოსამზადებლად:

  • ფქვილი ჩავცრათ ჯამში.
  • ცალკე პატარა ჯამში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ საფუარი, მარილი და შაქარი. კარგად გავხსნათ, გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ დაახლოებით 15-20 წუთი.
  • ამ დროში საფუარი გააქტიურდება. ფქვილს დავასხათ საფუვრიანი მასა და მოვზილოთ ცომი. ბოლოს დავუმატოთ ზეთი.
  • ცომის გუნდას ზემოდანაც გადავუსვათ ზეთი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილს ადგილას ასაფუებლად 2 საათით.

შიგთავსის მოსამზადებლად:

  • ამასობაში მოვხარშოთ კვერცხი, 6 წუთი მაინც დასჭიერდება მაგრად რომ მოიხარშოს. გავფრცქვნათ და დავჭრათ 1 სმ. სისქის რგოლებად.
  • ყველი ხელით დავფშვნათ. (გამოიყენეთ ნაკლებად მარილიანი იმერული ყველი).

ღვეზელების ფორმირება:

  • ცომი რომ აფუვდება გადავზილოთ, დაგვჭირდება ფქვილის დამატება, უნდა მივიღოთ ნაზი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა.
  • შემდეგ გავაკეთოთ 6 გუნდა, მათაც გადავაფაროთ ჩაის ტილო და 15-20 წუთი კვლავ გავაჩეროთ, რომ აფუვდეს.
  • თითოელი გუნდა გავაბრტყელოთ წრის ფორმაზე, მის ნახევარზე გავანაწილოთ ყველი ნახევარმთვარისებურად, დავალაგოთ 1 ც. კვერცხის ნაჭრები, გადავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი და ხელით შევუკრათ გვერდები. ასე მოვამზადოთ დანარჩენი 5 ღვეზელიც.

გამოცხობა:

  • ფქვილ მოყრილ დაფაზე გადავიტანოთ ღვეზელები, გადავუსვათ კვერცხის გულები მაწონთან ერთად ათქვეფილი.
  • შევდგათ 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, ზედა და ქვედა წვა, ორივე უნდა იყოს ჩართული, ვაცხოთ 15-20 წუთი. შეიძლება თქვენს ღუმელში 10 წუთიც კი ეყოს. ზემოდან რო სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, მზადაა.
    უგემრიელესი გურული (საშობაო) ღვეზელები მზადაა, გემრიელად მიირთვით! 🌟
კატეგორია: dinner, Pastry
სამზარეულო: ქართული
თეგები: christmaspie, gurianpie, khachapuri
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.