მეგობრებო, დღეს კიდევ ერთ ვიდეო რეცეპტს გიზიარებთ. არ ვიცი, ზაფხულამდე კიდევ შევძლებ თუ არა ვიდეო რეცეპტის გაზიარებას, რადგან ორშაბათიდან უკვე უნივერსიტეტი მეწყება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები 1 ვიდეოც ჩავწერო. რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, საკმაოდ მარტივია, დროც არ სჭირდება ბევრი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჯერ 1 დღე, შემდეგ კი 1 კვირა უნდა გააჩეროთ, რათა მომზადდეს. სიმართლე რომ გითხრათ, მე ჯერ არ გამისინჯავს, ვერ გავსინჯე, თუმცა სურნელი აქვს არაჩვეულებრივი და, როგორც დედაჩემმა მითხრა, ძალიან არომატულია.
პირველ რიგში მოადუღეთ ყავა, ამისათვის მადუღარაში მოათავსეთ ყავა და 150 მლ. წყალი. მოდუღებული ყავა გადადგით გვერდზე სიროფის მომზადებამდე.
სიროფის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ შაქარი, დაასხით 250 მლ. წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ. როცა შაქარი გაიხსნება და სიროფი წამოდუღდება მზადაა, გადმოდგით ცეცხლიდან. 2-3 წუთი გააგრილეთ.
ქილაში მოათავსეთ მიხაკი, დარიჩინი და ვანილინი, დაასხით მოდუღებული ყავა და სიროფის ნახევარი, სიროფის დარჩენილი ნაწილი ჩაასხით მადუღარაში, რათა მასში დარჩენილი ყავის ნალექიც დაუმატოთ ქილაში არსებულ მასას, ასევე დაუმატეთ დარჩენილი 100 მლ. წყალი. კარგად მოურიეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე შემდეგ კი დაუმატეთ მაღალგრადუსიანი არაყი. კარგად მოურიეთ და შეინახეთ 24 საათით.
24 საათის გასვლის შემდეგ 8-10 ფენა დოლბანდში გადაწურეთ, დაუმატეთ შესქელებული რძე და კარგად მოურიეთ.
ლიქიორი შეინახეთ 1 კვირით ცივ და ბნელ ადგილას, ამის შემდეგ კი მზადაა. (გამოდის 1 ლიტრი).გემრიელად მიირთვით!
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.