მერჯიმეკ ჩორბა, ეს გახლავთ თურქული კერძი, ითარგმნება როგორც ოსპის სუპი, თუმცა უფრო კრემ-სუპია ვიდრე სუპი. ამ კერძის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე, რეცეპტიც მითხრა, თუმცა შემდეგ სხვადასხვა ვერსია ვნახე და იქიდან ავარჩიე ერთი ვარიანტი. ძალიან მომწონს ამ სუპთან დაკავშირებული ყველა დეტალი - არის იაფი, მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი, ძალიან გემრიელი და ამ ყველაფერთან ერთად საკმაოდ სასარგებლო. ისეთი კერძია რომელსაც ხშირად მოვამზადებ და თქვენც გირჩევთ, რომ სცადოთ.

წითელი ოსპის სუპი - მერჯიმეკ ჩორბასი
ინგრედიენტები:
- 250 გ წითელი ოსპი
- 1 სტაფილო
- 1 კარტოფილი
- 1 ხახვი
- 1 ს.კ. ტომატპასტა
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- გემოვნებით მარილი
- 1.5-2 ლ წყალი
- ლიმონი
მომზადება:
- ხახვი წვრილად, სტაფილო და კარტოფილი კი კუბიკებად დაჭერით.
- ქვაბი გააცხელეთ, დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი, როცა დარბილდება, დაუმატეთ სტაფილო და კარტოფილი, კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ტომატპასტაც. 3-4 წუთში დაუმატეთ კარგად გარეცხილი ოსპი და აურიეთ.
- დაასხით წყალი, თავიდან 1,5 ლიტრი. შემდეგ თქვენი სურვილით გაათხელეთ.
- როცა წყალი ადუღდება, ადუღეთ 25 წთ დაბალ ცეცხლზე.
- დააბლენდერეთ, დაუმატეთ მარილი, სურვილის შემთხვევაში წყალიც სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.
- წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- სერვირებისას მოასხით ლიმონის წვენი.გემრიელად მიირთვით!