რადგან შედარებით დაბალფასიან კრემ-ყველს მივაგენი, გადავწყვიტე ბევრ რეცეპტში გამომეყენებინა :D მისგან მოვაზადე სენდვიჩები, ტორტი და ტრიუფელები. ყველაფერი უგემრიელესი გამოვიდა. თუ ნუთელა გიყვართ, მაშინ ეს ტრიუფელები ძალიან მოგეწონებათ, რადგან გემოთი ძალიან ჰგავს მას. მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. კარგი არჩევანია წვეულებებისა და ფურშეტებისთვის.
კრემ-ყველის ტრიუფელები
ინგრედიენტები:
- 150 გ კრემ ყველი ოთახის ტემპერატურის
- 1.5 ჭიქა შაქრის პუდრა
- 250 გ შოკოლადი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 2 ს.კ. კაკაო
- 1/2 ჭიქა ნიგოზი
მომზადება:
ნიგოზი დააბლენდერეთ, მაგრამ ძალიან ნუ დააქუცმაცებთ, ისეთი ზომის უნდ იყოს, რომ ტრიუფელები ამოავლოთ. კრემ-ყველი მიქსერით, დაბალი სიჩქარით, გათქვიფეთ, 10 წამი საკმარისია, შემდეგ ნახევარ-ნახევარ ჭიქებად დაუმატეთ შაქრის პუდრა და თქვიფეთ დაბალი სიჩქარით. შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ კრემ-ყველის მასას, ვანილინიც დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ. მიღებული მასა შედგით მაცივარში 1 საათით გასამაგრებლად. ამ დროში მასა გამაგრდება, გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთები და ნაწილი ამოვლეთ კაკაოში, ნაწილი კი ნიგოზში.გემრიელად მიირთვით!

ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.