ამ ვიდეო რეცეპტის გაზიარება ძალიან დამიგვიანდა თქვენთვის, მარხვის პერიოდში მოვამზადე, თუმცა შემდეგ ვეღარ მოვახერხე ვიდეოს დამონტაჟება. თუმცა, როგორც ამბობენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. თანაც სამარხვო რეცეპტებს ხსნილის პერიოდში მომზადების შეზღუდვა არ აქვს და ამიტომ ახლაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რეცეპტი. ბლოგზე არასამარხვო ვარიანტიც დევს, დღევანდელი ვერსია კი უფრო ბიუჯეტურია და არანაკლებ გემრიელი.
ნამცხვარი “სიგარეტები” – სამარხვო ვარიანტი
ინგრედიენტები:
ცომი
- 300 გ ფქვილი
- 100 მლ თბილი წყალი
- 2 ს.კ. შაქარი
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 1/2 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
შიგთავსი
- 1.5 ს.კ. შაქარი
- 50 გ ნიგოზი დაფქული
მომზადება:
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და აურიეთ.
- ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ თბილი წყალი, ზეთი, შაქარი, მარილი და ვანილი.
- თხევადი ინგრედიენტები დაუმატეთ ფქვილს და მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი. რამდენიმე წუთში მზად იქნება.
- შიგთავსი: შაქარი და ნიგოზი შეურიეთ ერთმანეთს.
- ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცოტა გადაზილეთ. გაყავით 3 თანაბარ ნაწილად, თითოეულს მიეცით გუნდის ფორმა. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ თხლად, დაახლოებით 2-3 მმ-ის სისქეზე. გაყავით 8 სამკუთხედად. სამკუთხედის ფართო ბოლოზე დადეთ 1/2 ჩ.კ. შიგთავსი, გადაახვიეთ ვიწყო ნაწილისკენ.
- სიგარეტები მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე (ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი ან მოაყარეთ ცოტა ფქვილი), შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთი.გემრიელად მიირთვით!
