ოსპი რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტია ეს ყველამ უკვე კარგად ვიცით, რამდენჯერმე გესაუბრეთ კიდეც წინა პოსტებში, ამიტომ დღეს პირდაპირ ამ რეცეპტის აღწერაზე გადავალ.

წითელი ოსპის ბურთულები თურქული სამზარეულოდანაა, ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ჯანსაღია, ოსპთან ერთად შეიცავს ბულგურსაც, რაც კიდევ ერთი დიდი პლუსია. სამარხვოა, ამიტომ ნებისმიერ დროს გამოგადგებათ ეს რეცეპტი. და ბოლოს, რაც მთავარია, არის ძალიან გემრიელი, განსაკუთრებით კი ლიმონის წვენთან ერთად.

წითელი ოსპის ბურთულები (mercimek koftesi)

მომზადების სრული დრო 50 წუთი
ულუფა 5

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წითელი ოსპი
  • 1.5 ჭიქა ბულგური (წვრილი)
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ტომატპასტა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 5-6 ცალი მწვანე ხახვი
  • 1 ჩ.კ. ძირა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჩ.კ. შავი პილპილი
  • გემოვნებით წითელი დაღერღილი წიწაკა
  • 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი

მომზადება: 

  • კარგად გარეცხილი ოსპი, 3 ჭიქა წყალთან ერთად მოათავსეთ ქვაბში და მოხარშეთ, დასჭირდება დაახლოებით 20 წთ.
  • რომ მოიხარშება და წყალს სრულად შეიწოვს, გამორთეთ ცეცხლი, ოსპს დაუმატეთ ბულგური, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და ასე გააჩერეთ 30 წთ.
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი გააცხელეთ ტაფაში, მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, როცა ოქროსფერი გახდება, დაუმატეთ ტომატპასტა, კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.
  • წითელი ოსპისა და ბულგურის მასა მოათავსეთ დიდ თასში, დაუმატეთ მოშუშული ხახვისა და ნივრის მასა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი, ქუმინი, მარილი, პილპილი და დაღერღილი წიწაკა, ბოლოს კი 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთიც და კარგად ამოურიეთ.
  • მიღებული მასისგან გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთულები, შედგით მაცივარში 1 საათით.
  • მოასხით ლიმონის წვენი და მიირთვით სალათის ფურცლებთან ერთად.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სამარხვო / ვეგანური
სამზარეულო: თურქული
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.