მოგზაურობა არის უდიდესი ბედნიერება, დაუვიწყარი ემოციებისა და მოგონებების წყარო ❤️
ბიუჯეტურად მოგზაურობა შესაძლებელია, მთავარია წინასწარ, კარგად დავგეგმოთ ❤️
ავიაკომპანიის შერჩევისას ჩემთვის მთავარია უსაფრთხოება და ფასი, საცხოვრებელის შემთხვევაში კი - სისუფთავე და კარგი მდებარეობა.
Omio.com - ამ საიტზე ფრენების, ავტობუსებისა და მატარებლების ფასებს ერთად ნახავთ. შესადარებლად ძალიან კარგია,ყიდვისას კი ოფიციალურ საიტზე გადაამოწმეთ ფასი, კიდევ უფრო დაბალი შეიძლება იყოს.
მოგზაურობის ბიუჯეტს 3 კომპონენტი განსაზღვრავს:
- ✈️ ტრანსპორტირება
- ? საცხოვრებელი
- ? დღიური ხარჯი
პირველ ორ კომპონენტზე დიდ გავლენას ახდენს მოგზაურობის პერიოდი, ამიტომ ბიუჯეტური მოგზაურობისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი დროის შერჩევა.
როდისაა “სწორი” დრო?
ყველაზე ტურისტულ პერიოდში - არა!
სასურველი მიმარულების შერჩევისას მოიძიეთ ინფორმაცია როდისაა ყველაზე ტურისტული პერიოდი და შეეცადეთ სეზონის დასაწყისში ან მიწურულს დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა.
ასე მაღალ ფასებსაც აარიდებთ თავს და ტურისტებით გადავსებულ ქუჩებსაც, პოპულარულ კვების ობიექტებშიც მარტივად იპოვით თავისუფალ მაგიდას, სანაპიროზე კი - შეზლონგს.
ტრანსპორტირება
WizzAir - ის ავიაბილეთების შეძენა წინასწარ (2-4 თვით ადრე) ხშირად ძალიან იაფადაა შესაძლებელ, ამიტომ სასურველი მიმართულების ბილეთების თვალიერება, გირჩევთ, დიდი ხნით ადრე დაიწყოთ.
თუ გადაჯდომები თქვენთვის დისკომფორტი არაა, შეგიძლიათ განიხილოთ ფრენის და მატარებლის, ან ავტობუსის, ან თუნდაც მეორე ფრენის კომბინაცია.
თუ გაფრენის ბილეთს კარგ ფასად ნახავთ, დაბრუნება კი ბევრად ძვირია, ამის გამო უარი არ თქვათ. განიხილეთ სხვა ქვეყნიდან დაბრუნების ვარიანტიც და ასევე ამჟამად ძვირადღირებული ბილეთის პერიოდულად შემოწმებაც, შეიძლება რამდენიმე კვირაში განახევრდეს ფასი. თუ არა და, მეორე ქალაქის ან ქვეყნის ნახვაც გამოგივათ ☺️
საცხოვრებელი
რაც შეეხება სასტუმროს/აპარტამენტს - ამ შემთხვევაშიც წინასწარ თადარიგის დაჭერაა საჭირო.
მე ყოველთვის Booking.com-ზე ვეძებ 3-4 თვით ადრე შემდეგი ფილტრებით:
- შეფასება 8+
- ცენტრიდან 1 კმ-მდე დაშორებით
- სასტუმრო, აპარტამენტი
- free cancellation
- შემდეგ კი ფასს ვალაგებ ზრდადობით, კარგ ვარიანტს მაშინვე ვჯავშნი (თუ სავარაუდო თარიღი უკვე გადაწყვეტილი მაქვს) ფრენის ბილეთი ჯერ რომც არ მქონდეს შეძენილი.
დღიური ხარჯი
ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა ევროპის უმეტეს ქვეყანაში დღეზე მოთხოვნა 50 ევროა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნაკლები ან მეტი დახარჯოთ, თუმცა ქვეყანაში შესვლისას თუ თანხის რაოდენობას გკითხავენ, დღეზე მნიშვნელოვანია რომ მინიმალური მოთხოვნა მაინც გქონდეთ.
ამიტომ ესეც წინასწარ გაარკვიეთ❤️
