სამარხვო პიცა რამდენიმე კაფეში მიჭამია, მაგრამ ერთი სულ მაიონეზი იყო, ერთი სულ ბულგარული წიწაკები :D საახალწლოდ სამარხვო მენიუ რომ ცოტა გამემრავალფეროვნებინა, სამარხვო პიცა გავაკეთე და გულწრფელად გეტყვით, რომ საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ნამდვილად ჰქონდა პიცის გემო და მარხვის დროს ღირს რომ მოამზადოთ.

სამარხვო/ვეგანური პიცა
საჭირო ინვენტარი
- პიცის ფორმა 28 სმ დიამეტრის
ინგრედიენტები:
ცომი
- 1 1/4 ჭიქა ფქვილი (150 გ)
- 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
- 1/2 ჭიქა თბილი წყალი (120 მლ)
- 1/2 ჩ.კ. ორეგანო
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1/3 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
სოუსი
- 3-4 ს.კ. პომიდვრის პიურე
- 1/2 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ. პიცის სუნელების მიქსი
- გემოვნებით მარილი
ზემოდან მოსაწყობად
- 6-7 ცალი ქამა სოკო
- 1/2 წითელი ბულგარული წიწაკა
- 6-7 ზეთისხილი
მომზადება:
- ცომის მოსამზადებლად ფქვილი ჩაცერით ჯამში, გააკეთეთ ღრმული და დაუმატეთ მარილი, საფუარი, შაქარი და ჩაასხით თბილი წყალი, მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ზეითუნის ზეთი და ორეგანო, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით ასაფუებლად თბილ ადგილას.
- სოუსის მოსამზადებლად პომიდვრის პიურეს შეურიეთ მარილი, პიცის სუნელი (შეიცავს ბაზილიკს, ორეგანოსა და პაპრიკას) და წვრილად დაჭრილი ნიორი.ქამა სოკო თხლად, ბულგარული გრძელ, წვრილ ნაჭრებად, ზეთისხილიც მცირე ზომებად დაჭერით.
- ცომი როცა აფუვდება გააბრტელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ ფქვილი უნდა მოაყაროთ.
- ცომზე წაუსვით მომზადებული სოუსი, მოაწვეთ დაჭრილი სოკო, ბულგარული წიწაკა და ზეთისხილი, ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით, მოაყარეთ ცოტა ორეგანო და შედგით 225 გრადუსზე და აცხვეთ 15-18 წთ.გემრიელად მიირთვით!