ხილის ტარტები მომზადების სიმარტივითა და საოცარი არომატით გამოირჩევა. გარდა ამისა, მსუბუქია და ძალიან გემრიელი. ზამთრის სუსხიან დღეებს ფინჯან ცხელ ჩაისთან ერთად განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს, ამიტომ ძალიან მიყვარს. ბლოგზეც ბევრი ვარიანტის ნახვა შეგიძლიათ, სხვადასხვა ცომითა და შიგთავსით. ვაშლისა და ალუბლის კომბინაცია არაჩვეულებრივი აღმოჩნდა, ძალიან კარგი არომატი აქვს და გემოებიც საკმაოდ მოუხდა ერთმანეთს.

ვაშლისა და ალუბლის ტარტი

მომზადების სრული დრო 1 საათი 30 წუთი
ულუფა 8

საჭირო ინვენტარი

  • 26-28 სმ დიამეტრის ტარტის ფორმა

ინგრედიენტები:

  • 1.5 ჭიქა ფქვილი
  • 125 ცივი მარგარინი
  • 6 ს.კ. ცივი წყალი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 3 დიდი ვაშლი
  • 2 ჭიქა კურკაგამოცლილი ალუბალი
  • 50 შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 2.5 ს.კ. სიმინდის სახამებელი

მომზადება: 

  • ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი და აურიეთ. შემდეგ კი ჩაახეხეთ ცივი მარგარინი, ხელით აურიეთ და გააფხვიერეთ ფქვილი. დაუმატეთ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. შედეთ მაცივარში სანამ შიგთავსს მოამზადებთ.
  • შიგთავსის მოსამზადებლად ვაშლი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბებად, მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ალუბალი (გაყინული ალუბლის გამოყენების შემთხვევაში გაალღვეთ და წვენის გარეშე დაუმატეთ), შაქარი, დარიჩინი, სიმინდის სახამებელი და კარგად აურიეთ.
  • ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადაიტანეთ ტარტის ფორმაში, გვერდები ამოუწიეთ, გაანაწილეთ შიგთავსი. ცომის მეორე ნაწილი შეგიძლიათ ასევე თხლად გააბრტყელოთ და ისე გადააფაროთ, დასეროთ და ასე გამოაცხოთ, ან ისე გააფორმოთ როგორც ფოტოზეა.
  • შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 35-45 წთ. სასიამოვნო ოქროსფერი უნდა მიიღოს. გააციეთ დაახლოებით 30 წუთი და ისე მიირთვით.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
თეგები: ვაშლი, ალუბალი, ტარტი
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.