დღეს ქოქოსის ნამცხვრების მოყვარულებისთვის ძალიან კარგი რეცეპტი მაქვს, უგემრიელესი ნამცხვრის, რომლის ბისკვიტსაც და კრემსაც ძალიან ბევრი ქოქოსი აქვს. მომზადება არაა რთული და არც დიდი დრო არ სჭირდება. ნამცხვარი არის საშუალოდ ტკბილი, გირჩევთ კარგი ხარისხის ქოქოსი გამოიყენოთ, რათა მისი არომატი მძაფრად იგრძნობოდეს ნამცხვარში.
ქოქოსის ნამცხვარი
საჭირო ინვენტარი
28 სმ დიამეტრის ფორმაინგრედიენტები:
- 6 კვერცხის ცილა
- 1 ჭიქა რძე (240 მლ)
- 1 3/4 ჭიქა შაქარი (350 გ)
- 2 1/4 ჭიქა ფქვილი (270 გ)
- 185 გ კარაქი დარბილებული
- 4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 85 გ ქოქოსის ფანტელები
- 1 ჩ.კ. მარილი
კრემი
- 1.5 ჭიქა რძე (370 მლ)
- 4 კვერცხის გული
- 1/3 ჭიქა შაქარი (65 გ)
- 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
- 3/4 ჭიქა ნაღები 35% ცხიმიანობის (180 მლ)
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 3-4 ს.კ. ქოქოსის ფანტელები
მომზადება:
ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა, რძე და ვანილი ერთად გათქვიფეთ. ოდნავ უნდა შეურიოთ უბრალოდ, ბეზეს ამოყვანა არაა საჭირო. ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, შაქარი და მარილი, კარგად აურიეთ. კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაუმატეთ ფქვილიან მასას, ჯერ სილიკონის ნიჩბით შეეცადეთ რომ შეურიოთ ერთმანეთს, შემდეგ კი მიქსერის დახმარებით. როცა კარაქი და ფქვილი ერთმანეთს კარგად შეერევა, დაუმატეთ რძიანი მასის ნახევარი, ათქვიფეთ და შემდეგ დარჩენილი მეორე ნახევარიც შეათქვიფეთ. მიღებულ ცომს დაუმატეთ ქოქოსის ფანტელები, ამოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ იმავე დიამეტრის საცხობი ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ, მასზე კი კარაქი ან ზეთი წაუსვათ. ფორმა შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 45-50 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, ბისკვიტი მზადაა. ბისკვიტი 10 წუთით ფორმაში გააციეთ, შემდეგ კი ამოიღეთ და მოაშორეთ საცხობი ქაღალდი. კრემის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ 3/4 ჩ.ჭ. ქოქოსის და 3/4 ჩ.ჭ. ძროხის რძე, მე ქოქოსის რძე არ მქონდა და ამიტომ მის მაგივრადაც ძროხის რძე გამოვიყენე. ქვაბში ჩაასხით რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე გასაცხელებლად. ცალკე ჯამში კვერცხის გულებს შეურიეთ შაქარი და სიმინდის სახამებელი, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, ნელ-ნელა შეურიეთ ცხელი რძე, ბოლოს მიღებული მასა დააბრუნეთ ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ. კრემი რომ გასქელდება და წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. ცალკე ათქვიფეთ ცივი ნაღები, შეათქვიფეთ ვანილიც.ოთახის ტემპერატურადე გაციებული მოხარშული კრემი ჯერ ცალკე გათქვიფეთ, შემდეგ კი კოვზით ან სილიკონის ნიჩბით შეურიეთ ათქვეფილ ნაღების კრემს. დაუმატეთ ქოქოსის ფანტელიც. ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად, თითოეულ ფენას წაუსვით კრემი, ასევე გვერდებსაც. ზემოდანაც შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.
