დღეს ხაჭაპურის ჩემი ფავორიტი რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ. ვისაც კი გაუსინჯავს, ყველა აღფრთოვანებულია. ნამდვილად იდეალურია, თხელი ცომით და ბევრი ყველით.
ხაჭაპური
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- 600 გ ფქვილი
- 300 მლ თბილი წყალი
- 6 გ საფუარი
- 15 გ შაქარი
- 5 გ მარილი
- 40 მლ მცენარეული ზეთი
შიგთავსისთვის:
- 750 გ იმერული ყველი
- 1 კვერცხი
- 20 გ ფქვილი
- გემოვნებით მარილი
ასევე:
- კარაქი ზემოდან გადასასმელად
მომზადება:
- თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი, გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 10 წთ.
- მოზრდილ თასში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და აურიეთ. დაუმატეთ გაფუებული საფუვრიანი მასაც და მოზილეთ ცომი.
- ბოლოს შეაზილეთ ზეთიც, უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეწებება. გადაუსვით ცოტაოდენი ზეთი, გადააფარეთ ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად დაახლოებით 1-1.5 საათით.
- შიგთავსი: გახეხილ ყველს დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი ( მარილიც თუ ყველი უმარილოა), ხელით კარგად გადაზილეთ. გაყავით სამ თანაბარ ნაწილად და მიეცით გუნდების ფორმა.
- აფუებული ცომისგანაც გააკეთეთ სამი თანაბარი ზომის გუნდა. გუნდები 10-15 წუთით კვლავ დაასვენეთ.
- თითოეული გუნდა ოდნავ გააბრტყელეთ, ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი, მოუკარით პირი და ამოაბრუნეთ. გააბრტყელეთ ორივე მხრიდან 30 სმ დიამეტრამდე.
- აცხვეთ 230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვით 8-12 წთ. ზემოდან სასიამოვნოდ რომ დაიბრაწება გამოიღეთ და გადაუსვით კარაქი.გემრიელად მიირთვით!