ალბათ ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ არც თევზის და არც ხორცის უბრალოდ შეწვა არ მიყვარს და ყოველთვის რაიმე განსხვავებულ და გემრიელ მარინადს ვეძებ, რათა უფრო გავამრავალფეროვნო გემო, ხორცი გავხადო უფრო ნოტიო და არომატული. დღესაც სწორედ წინასწარ დამარინადებული და შემდეგ გამომცხვარი ქათმის ბარკლების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. თუ მოამზადებთ, დარწმუნებული ვარ უბრალოდ შეწვას ასე მომზადებით ჩაანაცვლებთ. გჭირდებათ ძალიან ცოტა დრო, იმ პერიოდის გამოკლებით, რაც დამარინადებისთვისაა საჭირო.

გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით

მომზადების სრული დრო 4 საათი
ულუფა 16

ინგრედიენტები:

  • 2 კგ ქათმის ბარკლები
  • 60 მლ მცენარეული ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1/3 კონა ოხრახუში
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 1/2 ჩ.კ. შავი პილპილი

მომზადება: 

  • ქათმის ბარკალი და ბარკლის ძირი განაცალკევეთ, ბარკლის ძირიც გაჭერით 2 ან 3 ნაწილად.
  • თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. ეს მასა მოასხით ქათმის ბარკლის ნაჭრებს, ხელით ამოურიეთ ისე, რომ მარინადი ყველა ნაჭერზე თანაბრად განაწილდეს.
  • გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.
  • საცხობ ფორმაზე წაუსვით ცოტა ზეთი, გადაიტანეთ ქათმის ნაჭრები და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 25 წუთი, შემდეგ ამოაბრუნეთ და კიდევ 25 წუთი აცხვეთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სადილი
თეგები: chickendrumsticks, chickenthighs
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.