გამომცხვარი ვაშლი ყოველთვის ბავშვობას მახსენებს, ღუმელში ვაცხობდით ხოლმე და საოცარი არომატი ჰქონდა, არაფრის დამატება არ სჭირდებოდა, უგემრიელესი გამოდიოდა. ახლა გადავწყვიტე საცხობ ღუმელში გამომეცხო და შვრიისგან და სხვა გემრიელი დანამატებისგან შიგთავსი გამეკეთებინა, საოცრება გამოვიდა. მთელი სახლი ხომ ზღაპრული სურნელით აავსო და გემომ კი მოლოდინს გადააჭარბა.

გამომცხვარი ვაშლი & კომში უგემრიელესი შიგთავსით

მზადების დრო 15 წუთი
ცხობის დრო 40 წუთი
მომზადების სრული დრო 55 წუთი
ულუფა 8

ინგრედიენტები:

  • 4 ცალი ვაშლი
  • 2 ცალი კომში
  • 1/2 ჭიქა წყალი

შიგთავსი

  • 1/2 ჭიქა შვრია
  • 2 ს.კ. გოგრის თესლი
  • 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება: 

  • ვაშლებს ძალიან თხლად მოაჭერით თავი, კოვზის ან დანის დახმარებით ამოაცალეთ გულის დაახლოებით მესამედი, ისე რომ ვაშლის რბილობისაგან ერთგვარი თასი მიიღოთ. კომში გაჭერით სიგრძეზე და მასშიც შექმენით “თასი”.
  • შიგთავსის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში და კარგად აურიეთ.
  • ამ შიგთავსით ამოავსეთ ვაშლისა და კომშის “თასები”.
  • ვაშლი და კომში გადაიტანეთ გამოსაცხობ ღრმა ფორმაში, ჩაასხით წყალი ხილის გვერდით. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 30-40 წთ. ცხობის დრო დამოკიდებულია როგორც ვაშლის სახეობაზე ასევე თქვენს ღუმელზე. კომშს უფრო დიდი დრო დასჭირდება.
    გემრიელად მიირთვით!

რჩევები

შიგთავსის შემადგენლობაში შეზღუდულები არ ხართ, შეგიძლიათ დაამატოთ თხილეული, სხვადასხვა ჩირი და ყველა ის კომპონენტი რაც გიყვართ და მომზადების მომენტისთვის მოგეპოვებათ სახლში.
კატეგორია: დესერტი
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.