ხაჭო, კარაქი, შაქარი და კვერცხის გულები მოათავსეთ თასში და მიქსერით ათქვიფეთ, აქციეთ ერთიან მასად. გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, მასა როგორც კი გაცხელდება, გადმოდგით ცეცხლიდან. არ აადუღოთ. ათქვიფეთ ხელის ბლენდერით.
მიღებული მასა უნდა გაყოთ სამ ნაწილად, პირველი ნაწილი უნდა იყოს შედარებით ცოტა, მეორე ნაწილი უფრო მეტი და მესამე კიდევ უფრო მეტი.
პირველ ნაწილს დაუმატეთ ცუკატები, მეორეს – გამდნარი რძიანი შოკოლადი, მესამეს – გამდნარი შავი შოკოლადი. კარგად ამოურიეთ და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
ცივი ნაღები ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე, თითოეულ ნაწილს დაუმატეთ იმავე პროპორციით – პირველს ყველაზე ცოტა, მეორე უფრო მეტი და მესამეს კიდევ უფრო მეტი. კარგად ამოურიეთ.
ხაჭოს პასკის ფორმა მოათავსეთ ღრმა თასში, ფორმას ჩაუფინეთ სველი, კარგად გაწურული ორად გადაკეცილი დოლბანდი. ფორმაში მოათავსეთ ჯერ ცუკატებიანი მასა,მოუსწორეთ ზედაპირი, მასზე გაანაწილეთ რძიანი შოკოლადის მასა, ბოლოს კი შავი შოკოლადის მასა. გადმოუკეცეთ დოლბანდს გვერდები. ფორმას დაადეთ რაიმე სიმძიმე და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით, იმისათვის რომ ზედმეტი სითხისგან დაიწრიტოს. მომზადებულ პასკას ფრთხილად მოაცალეთ დოლბანდი. გემრიელად მიირთვით!
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.