დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიცის რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ. ბოლო პერიოდში პიცა ძალიან შემიყვარდა და სახლშიც ძალიან ხშირად ვამზადებ. რეცეპტი მართლაც უმარტივესია. ვიდეო რეცეპტში კი ყველაფერი დეტალურადაა ნაჩვენები, იმისათვის, რომ უფრო გაგიმარტივდეთ მოზმადების პროცესის აღქმა.

პიცა პეპერონი

ულუფა 12

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • 3.5-4 ჭიქა ფქვილი
  • 1 1/3 ჭიქა თბილი წყალი
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი

სოუსისთვის:

  • 3 პომიდორი (კანგაცლილი)
  • 2 მიხაკი ნიორი
  • 1 ს.კ. ტომატპასტა
  • 1 ჩ.კ. ბაზილიკი
  • 1 ჩ.კ. ორეგანო
  • 1/2 ჩ.კ. პაპრიკა
  • გემოვნებით მარილი, პილპილი და წითელი დაღერღილი წიწაკა

ასევე:

  • 450-600 მოცარელა
  • 150-200 პეპერონი
  • 2 ჩ.კ. ორეგანო

მომზადება: 

ცომის მოსამზადებლად

  • ცხელ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 15 წთ იმისათვის რომ საფუარი გააქტიურდეს.
  • ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი, კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი, ზილეთ დაახლოებით 8-10 წთ.
  • ბოლოს შეაზილეთ ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ რბილი, ელასტიური ცომი. ცომს გადაუსვით 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1 – 1,5 საათით.

სოუსი

  • კანგაცლილი პომიდორი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ტომატ-პასტა, სანელებლები, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ რამდენიმე წუთი, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  • აფუებული ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. გაყავით სამ ან ოთხს თანაბარ ნაწილად (იმის მიხედვით რამდენად თხელი პიცა გიყვართ, მე ოთხ ნაწილად გაყოფილი უფრო მომწონს <3 ), თითოეული მათგანი გააბრტყელეთ 30 სმ დიამეტრზე, გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, წაუსვით 2 ს.კ. სოუსი, მოაყარეთ 150 გ. გახეხილი მოცარელა, მოაწყვეთ პეპერონის ნაჭრები, მოაყარეთ 1/2 ჩ.კ. ორეგანო.
  • * ცომის დარჩენილ გუნდებს ჩაის ტილო ან სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ გამოცხვობამდე, იმისათვის რომ ზედაპირი არ გამოუშრეს. პიცა შედგით 220-250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 10 წუთი.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: ლანჩი
სამზარეულო: იტალიური
თეგები: pepperoni, pizza
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.

Comments are closed.