დღევანდელი რეცეპტი, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტის პრინციპებზეა დაყრდნობილი, არის უნაკლო. კვებითი ღირებულება და გემო, ორივე შეუდარებელია.
ძაძიკის სოუსი არის ის სოუსი, რომელიც ყველა კერძს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს სძენს, მათ შორის გამომცხვარ კარტოფილს. ამ ყველაფერს დამატებული პომიდორი, ზეთისხილი, ოხრახუში და ყველი ფეტა, გემოების ნამდვილ ზეიმს ქმნის. ეს კერძი ჩემთვის იდეალურია და გირჩევთ რომ აუცილებლად სცადოთ, მითუმეტეს თუ ცდილობთ რომ თქვენი კვების რაციონი ჯანსაღი და გემრიელი გახადოთ.
გამომცხვარი კარტოფილი ძაძიკის სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილით
ინგრედიენტები:
გამომცხვარი კარტოფილისთვის:
- 4 საშუალო ზომის კარტოფილი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1-2 ჩ.კ. ორეგანო
- გემოვნებით მარილი & პილპილი
ძაძიკის სოუსისთვის:
- 1 ჭიქა ბერძნული იოგურტი/მაწონი
- 2 კბილი ნიორი
- 1/2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1/2 კიტრი
- 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი
- 1/2 ჩ.კ. შაქარი
- გემოვნებით მარილი
ზემოდან მოსაყრელად:
- 2 საშუალო ზომის პომიდორი
- 150 გ კურკაგამოცლილი ზეთისხილი
- 1/2 კონა ოხრახუში
- 40 გ ყველი ფეტა
მომზადება:
კარტოფილის მოსამზადებლად:
- კარტოფილი სახეხით კარგად გარეცხეთ რათა ზედმეტი მტვერი და ჭუჭყი მოაშოროთ. გაამშრალეთ და ჩანგლით ყველა მხრიდან რამდენიმეგან დაჩხვლიტეთ.
- მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ხელით კარგად გადაანაწილეთ კარტოფილის მთელ ზედაპირზე.
- დააწყვეთ გამოსაცხობ ფორმაზე და შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ დაახლოებით 1 საათი. როცა ჩანგალი რბილად ჩავა კარტოფილში, მზადაა.
- სანამ კარტოფილი გამოცხვება მოამზადეთ ძაძიკის სოუსი და ზემოდან მოსაყრელი ინგრედიენტები – პომიდორი საშუალო ზომის კუბებად, ზეთისხილი, თხელ რგოლებად, ოხრახუში კი საშუალო სისქეზე დაჭერით.
ძაძიკის სოუსი:
- 250 მლ გაწურული მაწონი გამოდის 400 მლ ჩვეულებრივი მაწონისგან, მაწონი უნდა მოათავსოთ საწურზე ან რამდენიმე ფენა მარლაში და ასე გააჩეროთ რამდენიმე საათი, უმჯობესია თუ მთელ ღამეს გააჩერებთ. ნახევარი კიტრი გაჭერით სიგრძეზე, კოვზის დახმარებით ამოაცალეთ გული, რადგან ზედმეტი სითხე არ გვჭირდება. წვრილ სახეხზე გახეხეთ, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, რათა ზედმეტი სითხისგან დაიწრიტოს.
- გაწურულ მაწონს დაუმატეთ გახეხილი კიტრი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, შაქარი, ლიმონის წვენი და მარილი. კარგად ამოურიეთ და ცოტახნით შედგით საყინულეში, დაახლოებით 15-20 წთ.
აწყობა:
- გამომცხვარი კარტოფილი ჩაჭერით სიგრძეზე, კოვზის დახმარებით შიგთავსი ფრთხილად ამოიღეთ და გადაიტანეთ ჯამში. შეეცადეთ კარტოფილის ფორმა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ.
- კარტოფილის გულს დაუმატეთ ორეგანო, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ.
- მიღებული მასით კვლავ ამოავსეთ კარტოფილის “ქურქი”, ზემოდან გაანაწილეთ ძაძიკის სოუსი და დაჭრილი ინგრედიენტები, მოაყარეთ ფეტაც (ბერძნული ყველი).გემრიელად მიირთვით!