გამომცხვარი კარტოფილი, ჩვენთან ცნობილი როგორც "მექსიკური" კარტოფილი, რომელი კაფისა თუ რესტორნის მენიუში აღარ შეგხვდებათ, უამრავი ადამიანისთვის საყვარელი კერძია. მეც საკმაოდ ხშირად ვამზადებ, თუ სტუმრებს ველოდები, მენიუს აუცილებელი კომპონენტია და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. კანიანად გამომცხვარი კარტოფილი ბევრად ნაკლებ ცხიმს საჭიროებს, ვიდრე შემწვარი კარტოფილი და ასევე შეიცავს საკვებ ბოჭკოს (უჯრედისს), 200 გრამი კარტოფილი - 4 გ-ს, ეს გახლავთ დღიური ნორმის 10-15%. საკვებ ბოჭკოზე უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო სტატიას გაგიზიარებთ, ახლა კი გადავიდეთ მომზადების პროცესზე.

გამომცხვარი (მექსიკური) კარტოფილი

ულუფა 4

ინგრედიენტები:

  • 1.5 კგ კარტოფილი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1.5 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1 ჩ.კ. ორეგანო
  • 2/3 ჩ.კ. ბაზილიკი
  • 2/3 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. გამომშრალი ხახვი
  • გემოვნებით წითელი დაღერღილი წიწაკა
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

მომზადება: 

  • სახეხით კარგად გარეცხილი და გამშრალებული კარტოფილი გავჭრათ სიგრძეზე, თითოეული ნაწილი კი დავჭრათ დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
  • სანელებლები ერთ თასში შევურიოთ ერთმანეთს.
  • ე.წ. ფოლგა ან საცხობი ქაღალდი დავაფინოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე, მასზე გავანაწილოთ კარტოფილის ნაჭრები, მოვაყაროთ სანელებლების ნახევარი, ავურიოთ და მოვაყაროთ მეორე ნახევარიც, ავურიოთ, მოვასხათ ზეთი, კვლავ ავურიოთ და თანაბრად გავანაწილოთ ფორმის ზედაპირზე.
  • შევდგათ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 40 წთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სამარხვო / ვეგანური
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.