ჯანსაღი, მსუბუქი, მარტივად მოსამზადებელი და ძალიან, ძალიან გემრიელი. ყველა პლუსი ერთ კერძშია თავმოყრილი. ბულგურის სასარგებლო თვისებებზე ერთ-ერთ რეცეპტში უკვე გესაუბრეთ, აქ კი მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ საკვები ბოჭკოთი მდიდარი ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი თქვენს ჯანმრთელობას უწყობს ხელს. გემო კი ნამდვილად ძალიან მოგხიბლავთ და თუ ერთხელ მოამზადებთ, აუცილებლად გახდება თქვენი კვების რაციონის შემადგებელი კომპონენტი.

ბულგური გამომცხვარი ბოსტნეულით

მომზადების სრული დრო 40 წუთი
ულუფა 8

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ბულგური
  • 3 ჭიქა წყალი
  • 2 ცალი ყაბაყი
  • 1 წითელი ხახვი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ცალი მწვანე ხახვი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3/4 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1/2 ჩ.კ. ქინძი
  • 1/2 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • 1/4 ჩ.კ. წითელი დაღერღილი წიწაკა

მომზადება: 

  • ბულგური გარეცხეთ, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, როცა ადუღდება, დაუწიეთ და ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი. სითხეს თითქმის სრულად შეიწოვს. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა დარჩენილი მცირე რაოდენობით წყალიც ბოლომდე შეიწოვოს.
  • ყაბაყი, ბულგარული წიწაკები და ხახვი დაჭერით დაახლოებით 2 სმ სისქის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ქინძის სუნელი, ნივრის ფხვნილი, 1/2 ჩ.კ. პაპრიკა, მოასხით 1,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წთ.
  • მოხარშული ბულგური მოათავსეთ დიდ თასში, დაუმატეთ გამომცხვარი ბოსტნეული, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი, მოასხით ლიმონის წვენი და დარჩენილი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ დარჩენილი პაპრიკა და დაღერღილი წიწაკა, მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ და მზადაა.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სამარხვო / ვეგანური
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.