დღეს ძალიან ლამაზი, ეფექტური და უგემრიელესი დესერტის ვიდეო რეცეპტი მოგიტანეთ. დიდი ხანია ჟელეს ტორტის გაკეთება მინდა და ვეძებდი რაიმე განსაკუთრებულ რეცეპტს, ეს ავარჩიე და მხოლოდ ერთი დეტალი შევცვალე, წესით ალუბლის ფენა უნდა ჰქონოდა ფორთოხლის ნაცვლად და ვფიქრობ ის უფრო მოუხდებოდა, თუმცა ასეთიც ძალიან გემრიელია.
განსაკუთრებული მოწონება მესამე, შოკოლადისა და მოხალული ნიგვზის ფენამ დაიმსახურა. ვიდეო რეცეპტში მომზადება კარგად ჩანს, თუმცა სანამ მოამზადებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ტექსტობრივი რეცეპტიც აქ უფრო დეტალურად დავწერ ყველაფერს.
ჟელეს ტორტი სამი ფენით
ინგრედიენტები:
- 250 მლ ფორთოხლის წვენი
- 400 გ არაჟანი
- 200 გ შაქარი
- 68 გ ჟელატინი
- 120 მლ ცივი წყალი
- 300 მლ მდუღარე წყალი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 1 ს.კ. კაკაო
- 1/2 ჭიქა მოხალული ნიგოზი
მომზადება:
- ფორთოხლის წვენს დაუმატეთ 28 გ. ჟელატინი, მოურიეთ და გააჩერეთ 1 წთ. შემდეგ დაასხით 3/4 ჩ.ჭ. (180 მლ) მდუღარე წყალი, კარგად მოურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში. შედგით მაცივარში 1,5 სთ-ით.
- ამასობაში 200 გ. არაჟანი 1/2 ჩ.ჭ. (100გ) შაქართან და 1 გ. ვანილთან ერთად კარგად ათქვიფეთ, შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას. მიღებული მასა დაასვენეთ იქამდე სანამ პირველი ფენა არ გამყარდება ანუ 1,5 სთ-ით. (იმისათვის, რომ დარწმუნდეთ თქვენი ფენა გამყარდა თუ არა, შეარხიეთ და თუ მოძრაობას არ დაიწყებს ანუ მზადაა მეორე ფენის დასასხმელად). ამ დროის გასვლის შემდეგ 20 გ. ჟელატინი დაალბეთ 1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) ცივ წყალში და 1 წთ-ის შემდეგ დაასხით 1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ არაჟნის მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ მას და მიღებული მასა დაასხით პირველ უკვე გამყარებულ ფენას. შედგით მაცივარში 45 წთ-ით.
- ამასობაში მოამზადეთ მესამე ფენა, ამისათვის დარჩენილი 200 გ. არაჟანი, 1/2 ჩ.ჭ. (100გ) შაქარი, 1 გ. ვანილი და კაკაო ათქვიფეთ და ესეც დაასვენეთ მეორე ფენის გამყარებამდე. მანამდე კი ნიგოზი მოხალეთ და საშუალო ზომებად დაჭერით.
- მეორე ფენაც რომ გამყარდება, 20 გ. ჟელატინი დაალბეთ 1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) ცივ წყალში და 1 წთ-ის შემდეგ დაასხით 1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ არაჟნის მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ მას, დაუმატეთ ნიგოზით, აურიეთ და დაასხით გამყარებულ მეორე ფენას. კვლავ შედგით მაცივარში 45 წთ-ით.
- თუ მინის ჯამში გააკეთებთ, ჯამი მოათავსეთ ცხელ წყალში რამდენიმე წამი და შემდეგ მარტივად გადმოიღებთ, შეიძლება გვერდებზე დანი მოსმაც დასჭირდეს. თუ სილიკონის ფორმაში გააკეთებთ, მაშინ ფრთხილად გადმოიღეთ.გემრიელად მიირთვით!
