ეს ნამცხვარი დაახლოებით 2 თვის წინ მოვამზადე მორჩენილი ინგრედიენტებით. კრემი გამოვიდა უგემრიელესი და ძალიან ჰაეროვანი. მე სავოიარდის ჩხირები არ დავნამე, რადგან ვიფიქრე, რომ კრემი ჩაარბილებდა, თუმცა შევცდი, ქვედა ფენა კარგად არ ჩარბილდა, ამიტომ გირჩევთ რომ ქვედა ფენა ოდნავ დაალბოთ მაგარ ყავაში, მხოლოდ ნახევარი სისქით ჩადეთ და არა მთლიანად. მეორე ფენა შეგიძლიათ არ დაალბოთ ან ისიც ძალიან ოდნავ.

შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე

მაცივარში დაყოვნების დრო 2 საათი
მომზადების სრული დრო 2 საათი 30 წუთი
ულუფა 8

ინგრედიენტები:

  • 30 სავოაირდის ჩხირები
  • 400 მლ რძე
  • 150 შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 300 მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
  • 1/4 ჩ.კ. დარიჩინი
  • 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 20-30 შოკოლადის ნატეხები

მომზადება: 

  • კრემის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ შაქარი, სახამებელი, კაკაო და დარიჩინი. კარგად აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ რძე ხელის სათქვეფის დახმარებით.
  • დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ, როცა კრემი შესქელდება და დუღილს დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიღეთ სხვა ჯამში და ზემოდან გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს ეხებოდეს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ კრემმა ფუფხი არ გაიკეთოს გაციების შემდეგ.
  • კარგად გაციებული ნაღები ათქვიფეთ, როცა გასქელდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე კრემისებური არ იქნება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ გაციებული მოხარშული კრემი, დაუმატეთ ვანილი და კრემი მზადაა.
  • ფორმაში ჯერ პირველ ფენად ჩაალაგეთ სავოიარდის ჩხირები, რომლებიც უმჯობესია ოდნავ დაალბოთ ყავაში, მაგრამ მთლიანად ნუ ამოვლებთ, რათა ზედმეტად არ ჩალბეს.
  • გაანაწილეთ კრემის ნახევარი, შემდეგ კვლავ დაალაგეთ სავოიარდის ჩხირები, შეგიძლიათ აღარ დაასველოთ ყავაში, წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყართ შოკოლადის მარცვლები. შედგით მაცივარში 1-2 საათით.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი, ცხობისგარეშე
თეგები: chocolatecake, nobake
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.