დღეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძის რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ. ეს გახლავთ უგემრიელესი ბერძნული გირო, რომელიც fast food-ს მიეკუთვნება, თუმცა გემო არ აქვს მთლად ჯანქ საკვების. ძაძიკის სოუსის წყალობით უფრო მსუბუქი გემო აქვს, რის გამოც მიყვარს ძალიან. ვფიქრობ ერთხელ მაინც თუ გაგისინჯავთ, გულგრილს არ დაგტოვებდათ.

გიროს ერთი რეცეპტი უკვე არის ბლოგზე, ღორის ხორცით მომზადებულის და ის ვარიანტიც არის უგემრიელესი, დღეს კი ვიდეო რეცეპტში ქათმით მომზადებულს გაგიზიარებთ.

პიტას რეცეპტი იხილეთ აქ --> ბერძნული პური - პიტა
ძაძიკის სოუსის რეცეპტი იხილეთ აქ --> გამომცხვარი კარტოფილი ძაძიკის სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილით

ბერძნული გირო ქათმის ხორცით

მომზადების სრული დრო 2 საათი
Servings 8

ინგრედიენტები:

  • პური პიტა
  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 1 ხახვი
  • ძაძიკის სოუსი
  • 2-3 პომიდორი
  • 1.5 კგ კარტოფილი

მარინადისთვის:

  • 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 6 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ჩ.კ. ორეგანო
  • 1-1 ჩ.კ. ქუმინი, ბაზილიკი, გამომშრალი ხახვი, შაქარი, მარილი
  • 1/2 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1/2 ჩ.კ. შავი პილპილი

სკეპასტისთვის დამატებით:

  • ბეკონი (შემწვარი)
  • 1/2 ჭიქა მაიონეზი
  • 2 ს.კ. კეტჩუპი
  • 1/2 ჩ.კ. ვორჩესტერის სოუსი
  • გემოვნებით ჩილის სოუსი

მომზადება: 

  • ქათმის ფილე დავჭრათ 1 სმ სისქის ნაჭრებად (მარინადი რომ უკეთ გაუჯდეს), მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყაროთ სანელებლები, მარილი, შაქარი და პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კარგად ამოვურიოთ. გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და გავაჩეროთ მაცივარში დასამარინადებლად მინიმუმ 1 სთ. უმჯობესია მთელი ღამით.
  • გათლილი კარტოფილი დავჭრათ 1/2 სმ სისქის ნაჭრებად. დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ გადავუწუროთ წყალი, გადმოვიტანოთ ჩაის ტილოზე და შევაშროთ. შევწვათ კარგად გაცხელებულ ბევრ ზეთში, საშუალოდ დაბალ ცეცხლზე, დასჭირდება დაახლოებით 8-12 წთ. მომზადებული ამოვიღოთ სამზარეულოს ხელსახოცზე და ცხელსვე მოვაყაროთ მარილი.
  • დამარინადებული ქათმის ნაჭრები შევწვათ გრილის ან ჩვეულებრივ ტაფაზე, თითოეულ მხარეს დასჭირდება მაქსიმუმ 3-4 წთ.
  • გიროს ასაწყობად პიტაზე მოათავსეთ ძაძიკის სოუსი, ხორცი, კარტოფილი ფრი, პომიდვრისა და ხახვის ნაჭრები, გადმოუკეცეთ გვერდები და მზადაა. (იხილეთ ვიდეო) გირო შეგიძლიათ თეფშზეც ააწყოთ, როგორც ვიდეოში და ფოტოზეა ნაჩვენები.
  • სკეპასტისთვის სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს. პიტას პირველ ფენას წაუსვით სოუსი, მოაწყვეთ ხორცი, ბეკონი და ფრი, პიტას მეორე ფენასაც წაუსვით სოუსი და ამ მხრიდან მოათავსეთ სკეპასტის თავზე. უგემრიელესი ბერძნული გირო და სკეპასტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
    გამოიწერეთ ბლოგის YouTube არხი იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეო რეცეპტები.
კატეგორია: street food
სამზარეულო: ბერძნული
თეგები: greekgyros, gyros
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.