ეს კერძი გუშინ მოვამზადე, ძალიან მარტივია და თან სწრაფი მოსამზადებელი, გემო კი ნამდვილად არაჩვეულებრივია, უგემრიელესი გამოდის. დღეს ძალიან მინდოდა ამ რეცეპტის გაზიარება და რადგან მთელი დღე გამოცდისთვის ვმეცადინეობდი, ამ დრომდე ვერ მოვახერხე დადება. სიმართლე გითხრათ, ახლაც მხოლოდ სურათის ატვირთვას და ხვალისთვის მონახაზის გამზადებას ვაპირებდი, მაგრამ რეცეპტიც "შემომეწერა". იმედია მოამზადებთ და გამიზიარებთ თქვენს შედეგს.

ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში
ინგრედიენტები:
- 800 გ ქათმის ბარკლები
- 3 ს.კ. არაჟანი
- 1.5 ჭიქა წყალი
- 1 ს.კ. ფქვილი
- 2 ხახვი
- 3-4 კბილი ნიორი
- 25 გ კარაქი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- გემოვნებით მარილი, პილპილი და წითელი დაღერღილი წიწაკა
მომზადება:
- ქათმის ბარკალი და ბარკლის ძირი განაცალკევეთ, ბარკლის ძირიც გაჭერით 2 ან 3 ნაწილად.
- ტაფა გააცხელეთ, მოასხით ზეთი და დაუმატეთ კარაქი, როცა კარაქი გადნება ქათმის ნაჭრები ჩააწყეთ ტაფაზე და საშუალოდ მაღალ ცეცხლზე შეწვით, ერთი მხრიდან 10 წუთი, მეორე მხრიდან კი 5 წუთი.
- სანამ ქათმის ბარკლები იწვება, ხახვი ალყაალყა, ნიორი კი წვრილად დაჭერით. მას შემდეგ რაც ქათამს ამოაბრუნებთ და 5 წუთი გავა, დაუმატეთ ხახვი და ნიორი, დაახლოებით 3 წთ. ასე გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე.
- ამასობაში კი მოამზადეთ არაჟნის სოუსი: ჯამში მოათავსეთ ფქვილი, არაჟანი, მარილი, პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა და ჩილი, აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ წყალი.
- მიღებული სოუსი მოასხით შემწვარ ბარკლებს და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთი.გემრიელად მიირთვით!
