20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მინდოდა რაიმე განსაკუთრებული ტორტი გამეკეთებინა, თუმცა ეს ნამცხვარი რომ ვნახე, იმდენად მომხიბლა ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაციის იდეამ, რომ გადავწყვიტე ეს მომემზადებინა. იმ ფაქტმა, რომ გამოცხობა არ სჭირდება და საკმაოდ სწრაფად მზადდება, კიდევ უფრო მეტად მომხიბლა. სიმართლე გითხრათ, კეთების მომენტში, ცალ-ცალკე არც ჩიზქეიქის მასა მომეწონა დიდად და არც ტირამისუს, ძალიან ვნერვიულობდი ცუდი არ გამოსულიყო, რაიმე სხვა ტორტის ყიდვაზეც კი დავფიქრდი, მაგრამ ჩემი შიშები სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა, საოცრად გემრიელი და განსხვავებული გამოვიდა. ყველა ფენა არაჩვეულებრივად შეერწყა ერთმანეთს და უგემრიელესი კომბინაცია შექმნა. ჩემი სტუმრებიც და მეც ძალიან კმაყოფილები დავრჩით. მოკლედ, თუ რაიმე განსაკუთრებული ნამცხვრის მომზადება გსურთ, თამამად შემიძლია ეს გირჩიოთ.
ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაცია ერთ ნამცხვარში
საჭირო ინვენტარი
20 სმ დიამეტრის ფორმა (გვერდები რომ ეხსნება)ინგრედიენტები:
- 30-32 სავოაირდის ჩხირები
- 250 გ მასკარპონე ოთახის ტემპერატურის
- 400 გ კრემ ყველი
- 680 მლ ნაღები 35% ცხიმიანობის ოთახის ტემპერატურის
- 100 გ შაქარი
- 3 ს.კ. შაქრის პუდრა
- 50 გ კარაქი გამდნარი
- 240 მლ ძლიერი ყავა
- 1 ს.კ. ჟელატინი
- 120 მლ წყალი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 1 ს.კ. კაკაო
მომზადება:
ამ ნამცხვარში გვაქვს 4 ფენა: 1-ელი ფენის მოსამზადებლად 18 ცალი სავოიარდის ჩხირი დააქუცმაცეთ სამზარეულოს კომბაინით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და 3 ს.კ. მაგარი ყავა, კარგად აურიეთ და ფორმაზე გაანაწილეთ. მე-2 ფენა არის ჩიზქეიქის მასა, მის მოსამზადებლად ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ იმდენი ხანი სანამ არ გაფუვდება. ამასობაში ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი (აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს) შაქართან და 1 ს.კ. ყავასთან ერთად მიქსერის დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ, როცა მასა ერთიანი გახდება სიჩქარეს ცოტა მოუმატეთ, თქვიფეთ იქამდე სანამ ერთგვაროვან, ფაფუკ კრემს არ მიიღებთ, ამის შემდეგ მაღალი სიჩქარით ნელ-ნელა შეათქვიფეთ 1 3/4 ჩ.ჭ. ცივი ნაღები. როცა ნაღები კარგად შეერევა, დამბალი ჟელატინი გაადნეთ (მაგრამ არავითარ შემთხვევაში რა აადუღოთ) და წვრილ ზოლად დაუმატეთ ჩიზქეიქის მასას. კარგად ათქვიფეთ და პირველ ფენაზე გაანაწილეთ, ზედა კიდე კარგად მოასწორეთ და შედგით მაცივარში საათით. ამასობაში მოამზადეთ ტირამისუს ფენა, დარჩენილი 1 ჩ.ჭ. ცივი ნაღები მარალი სიჩქარით ათქვიფეთ, როცა აქაფდება, დაუმატეთ შაქრის პუდრა, ვანილინი და კვლავ ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ ჰაეროვანი კრემი. ამის შემდეგ, სილიკონის ნიჩბით, ან ხის კოვზით ფრთხილად შეურიეთ ოთახის ტემპერატურის მასკარპონე (ოთახის ტემპერატურა აქაც აუცილებელია). ტირამისუს ფენა არის მეოთხე, მესამე კი გახლავთ სავოიარდის ფენა.სავოიარდის დარჩენილი ჩხირები (12-14 ცალი) დარჩენილ ყავაში ჩადეთ მხოლოდ ქვედა ნახევრით ანუ მთლიანად არ უნდა დაასველოთ, ნახევრად დასველებული სავოიარდის ჩხირები გაანაწილეთ უკვე გამყარებულ ჩიზქეიქის ფენაზე, ცარიელი ადგილები დატეხილი ჩხირებით ამოავსეთ. შემდეგ გაანაწილეთ ტირამისუს მასაც და კვლავ შედეთ ნამცხვარი მაცივარში 15-20 წუთით. ბოლოს მოაყარეთ კაკაო.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.

