ბურგერები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. ძალიან ბევრი თხოვნა მიმიღია პირად შეტყობინებაში მისი რეცეპტის შესახებ, ამიტომ ბლოგის 7 წლის იუბილეზე სწორედ ამ რეცეპტს გიზიარებთ.

ეს იქნება სრულყოფილი რეცეპტი, აქ ნახავთ როგორ მოამზადოთ როგორც ბურგერის უფაფუკესი პური, ასევე უგემრიელესი სოუსი და ხორცი.

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში

მომზადების სრული დრო 3 საათი
ულუფა 5

ინგრედიენტები:

ბურგერის პურისთვის:

  • 450 ფქვილი
  • 7 საფუარი
  • 1 ჭიქა თბილი რძე 250 მლ
  • 50 მლ წყალი
  • 40 შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 75 კარაქი ოთახის ტემპერატურის)
  • 1 მთლიანი კვერცხი
  • 40 სეზამის მარცვლები

სოუსისთვის:

  • 100 მლ მაიონეზი
  • 2 ს.კ. ბარბექიუს სოუსი
  • 2 ს.კ. კეტჩუპი
  • 3 ჩ.კ. ვორჩესტერის სოუსი
  • 2 ს.კ. კიტრის მწნილის წვენი
  • 1/2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • 1/3 ჩ.კ. გამომშრალი ხახვი
  • 1/3 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

კატლეტებისთვის:

  • 500 საქონლის ფარში
  • 1 პატარა თავი წითელი ხახვი
  • 1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • 1 ჩ.კ. ვორჩესტერის სოუსი
  • 1 ს.კ. კეტჩუპი
  • 1 კვერცხის გული
  • 1/4 ჭიქა საფანელი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

ასევე:

  • 50 სალათის ფურცელი "აისბერგი"
  • 5 ნაჭერი ყველი
  • 1 პომიდორი
  • 2 კიტრის მწნილი
  • 40 კარაქი ოთახის ტემპერატურის

მომზადება: 

პური:

  • ბურგერის პურების მომზადების პირველ ეტაპზე თბილი რძე და წყალი მოათავსეთ თასში, დაუმატეთ შაქარი და საფუარი, მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით 15 წუთი.
  • მეორე ეტაპზე დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და აფუებული მასა. მოზილეთ ცომი, თუ ხელით ზელთ 4-5 წუთი ზილეთ, თუ დასადგამ მიქსერს იყენებთ, 2-3 წუთი საკმარისი იქნება. შემდეგ 2-3 ეტაპად დაამატეთ კარაქი და განაგრძეთ ცომის ზელა. საბოლოოდ უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. გადაუსვით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1 საათი.
  • აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მიეცით მრგვალი ფორმა და გაყავით 8 თანაბარ ნაწილად. თითოეულ ნაწილს მიეცით მრგვალი ფორმა, დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ დააფენთ გამოსაცხობ ქაღალდ. ცომის გუნდები ერთმანეთისგან 3-4 სმ-ის დაშორებით უნდა დააწყოთ, რადგან გაფუვდება და ერთმანეთს არ მიეწებოს.
  • ცომის გუნდებს 2 ეტაპად უნდა გადაუსვათ ათქვეფილი კვერცხი, პირველად აფუების წინ, მეორედ კი უშუალოდ გამოცხობის წინ. გადააფარეთ ჩაის ტილო ცომის გუნდებს და გააჩერეთ ასაფუებლად იქამდე, სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში.
  • აფუებულ გუნდებს მეორეჯერ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და შედგით გამოსაცხობად 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში (ღუმელში ფორმის ქვემოთ სხვა ფორმით შედგით დაახლოებით 1 ჭიქა წყალი, იმისათვის რომ ღუმელში წარმოიქმნას ორთქლი, ეს დაეხმარება პურებს, რომ უფრო ჰაეროვანი და ფაფუკი გამოვიდეს), აცხვეთ 15 წუთი, ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ წყლიანი ფორმა და კვლავ განაგრძეთ ბურგერის პურების ცხობა 10 წუთი.

სოუსი:

  • ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთად და კარგად ამოურიეთ.

კატლეტები:

  • კატლეტის მოსამზადებლად ფარშს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად ამოურიეთ. გააკეთეთ მრგვალი ფორმის კატლეტები. ამ რაოდენობით მე გამომივიდა 5 კატლეტი.
  • კატლეტები 4-5 წუთით შეწვით თითოეულ მხარეს (შეგიძლიათ შეწვათ როგორც გრილზე, ასევე გრილის ტაფაზე ან ჩვეულებრივ ტაფაზე), როცა კატლეტს ამოაბრუნებთ დაახლოებით 2 წუთში, დაადეთ ყველის ფირფიტა, იმისათვის რომ ხორცს დაადნეს და კიდევ უფრო გემრიელი გახდეს.

აწყობა:

  • ბურგერის პურები გაჭერით შუაზე, თითოეულ მხარეს წაუსვით კარაქი და ბურგერის პურებიც მობრაწეთ გრილზე/ტაფაზე, დაახლოებით 40-60 წმ დასჭირდება.
  • ბურგერების ასაწყობად, პურის ორივე ნაწილს შიგნიდან წაუსვით სოუსი, მასზე მოათავსეთ კატლეტი, პომიდვრის თხელი ნაჭერი, კიტრის მწნილის ნაჭრები და სალათის ფურცელი აისბერგი, დაადეთ პურის მეორე ნაწილი და ბურგერიც მზადაა.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სადილი
თეგები: burger
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.