ბურგერის პურების მომზადების პირველ ეტაპზე თბილი რძე და წყალი მოათავსეთ თასში, დაუმატეთ შაქარი და საფუარი, მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით 15 წუთი.
მეორე ეტაპზე დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და აფუებული მასა. მოზილეთ ცომი, თუ ხელით ზელთ 4-5 წუთი ზილეთ, თუ დასადგამ მიქსერს იყენებთ, 2-3 წუთი საკმარისი იქნება. შემდეგ 2-3 ეტაპად დაამატეთ კარაქი და განაგრძეთ ცომის ზელა. საბოლოოდ უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. გადაუსვით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1 საათი.
აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მიეცით მრგვალი ფორმა და გაყავით 8 თანაბარ ნაწილად. თითოეულ ნაწილს მიეცით მრგვალი ფორმა, დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც წინასწარ დააფენთ გამოსაცხობ ქაღალდ. ცომის გუნდები ერთმანეთისგან 3-4 სმ-ის დაშორებით უნდა დააწყოთ, რადგან გაფუვდება და ერთმანეთს არ მიეწებოს.
ცომის გუნდებს 2 ეტაპად უნდა გადაუსვათ ათქვეფილი კვერცხი, პირველად აფუების წინ, მეორედ კი უშუალოდ გამოცხობის წინ. გადააფარეთ ჩაის ტილო ცომის გუნდებს და გააჩერეთ ასაფუებლად იქამდე, სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში.
აფუებულ გუნდებს მეორეჯერ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და შედგით გამოსაცხობად 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში (ღუმელში ფორმის ქვემოთ სხვა ფორმით შედგით დაახლოებით 1 ჭიქა წყალი, იმისათვის რომ ღუმელში წარმოიქმნას ორთქლი, ეს დაეხმარება პურებს, რომ უფრო ჰაეროვანი და ფაფუკი გამოვიდეს), აცხვეთ 15 წუთი, ამ დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ წყლიანი ფორმა და კვლავ განაგრძეთ ბურგერის პურების ცხობა 10 წუთი.