ბლოგზე ქათმის სალათები დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ დღეს კიდევ ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ამ რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ მაიონეზის ნაცვლად მზადდება არაჟნის სოუსით და შესაბამისად უფრო ჯანსაღი და ნაკლებად კალორიულია. რაც შეეხება გემოს, საკმაოდ გემრიელია, მომზადების შემდეგ რამდენიმე საათი მაცივარში გაჩერება კარგია, რადგან ამ დროს გემოები უფრო კარგად უჯდება. ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდებოდა რაიმე ცოცხალი გემო, მაგალითად კიტრი.

ქათმის სალათა არაჟნის სოუსით

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი ქათმის ფილე
  • 1 სტაფილო
  • 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1/3 კონა კამა
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 20 კარაქი
  • 3-4 მწვანე ხახვი

სოუსისთვის

  • 150 არაჟანი
  • 1/2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • 1/2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/2 ჩ.კ. შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი ან გემოვნებით
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • გემოვნებით შავი პილპილი
  • გემოვნებით წითელი დაღერღილი წიწაკა

მომზადება: 

  • ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ზეთდასხმულ ცხელ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან. სანამ შეწვას დაასრულებს დაუმატეთ კარაქიც.
  • მომზადებული ქათმის ფილე ამოიღეთ ცალკე ჭურჭელზე და გააგრილეთ.
  • სანამ ფილე გაცივდება, სტაფილო გათალეთ და გახეხეთ საშუალო სახეხზე. ბულგარული წიწაკა კი წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით.
  • იმ ტაფას, რომელშიც ქათმის ფილე შეწვით, დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთი, დაუმატეთ სტაფილო და ბულგარული. ოდნავ მოთუშეთ, მაქსიმუმ 3-4 წთ. შემდეგ გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში და გააციეთ.
  • სოუსის მოსამზადებლად არაჟანს დაუმატეთ, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, შაქარი, მარილი, პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა და კარგად აურიეთ.
  • ქათმის ფილე დაანაწევრეთ სასურველ ზომებად, დაუმატეთ გაციებული მოთუშული ბოსტნეული, წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, მოასხით სოუსი და ამოურიეთ.
    სალათი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში და შემდეგ მიირთვით.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სალათი
თეგები: chickensalad, mushroomricesalad, sourcreamsauce
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.