ქინოა ბლოგისთვის ახალი პროდუქტია, მისგან მომზადებული კერძის პირველ რეცეპტს გიზიარებთ, ამიტომ ჯერ ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე მოგიყვებით.
ქინოა შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, მდიდარია ცილით, ბოჭკოთი, მაგნიუმით, B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, E ვიტამინით და სხვადასხვა ანტიოქსიდანტით.
ახლა კი რაც შეეხება თავად ამ კერძს. არის ძალიან ნოყიერი, სასარგებლო, რაც ქინოას თვისებებიდან ჩანს, და რაც მთავარია, უგემრიელესი. აქვს საკმაოდ უცხო გემო, სოიოს სოუსი ძალიან უხდება. ცალკე ქინოას რომ გასინჯავთ, არ აღფრთოვანდებით, თუმცა როცა სოკოს დაუმატებთ, გემოების შერწყმის შედეგად უგემრიელეს კერძს მიიღებთ.

ქინოა ქამა სოკოთი

მომზადების სრული დრო 40 წუთი
ულუფა 4

ინგრედიენტები:

  • 500 ქამა სოკო
  • 1 ჭიქა ქინოა
  • 2 ჭიქა წყალი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/3 კონა ოხრახუში
  • 1/3 კონა მწვანე ხახვი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2-3 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

მომზადება: 

  • სოკო 4 ნაწილად გაჭერით, თუ პატარა სოკოები 2-ად, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, მოასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ხელით აურიეთ, რათა მარილი და ზეთი თანაბრად განაწილდეს. შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი.
  • სანამ სოკო გამოცხვება, მოამზადეთ ქინოა. გარეცხილი ქინოა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15-20 წუთი, როცა მთელ წყალს შეიშრობს, მზადაა და გადმოდგით ცეცხლიდან, ასე გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ჩანგლის დახმარებით ააფუმფულეთ მოხარშული ქინოა.
  • ქინოას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და მწვანე ხახვი, მოასხით ლიმონის წვენი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.
  • სერვირება: ქინოა ამოიღეთ ღრმა თეფზე, ზემოდან მოაწყვეთ გამომცხვარი ქამა სოკოს ნაჭრები.
    გემრიელად მიირთვით!
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.