ეს ტორტი მამაჩემის დაბადების დღისთვის მოვამზადე, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ არ გამისინჯავს, მაგრამ ეს კრემიც და ბისკვიტიც ადრეც მომიმზადებია და ორივე არაჩვეულებრივია. ვინც გასინჯა მითხრეს რომ გემრიელი იყო. მე მინიმალისტურად გაფორმებული ტორტები მომწონს, ამიტომ ყოველთვის სადად ვაფორმებ. თქვენ თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გააფორმოთ. ეს კრემი საკმაოდ სქელია და გაფორმებისთვის მშვენიერია.
შოკოლადის ტორტი ფორთოხლით
საჭირო ინვენტარი
ფორმა: 25-26 სმ. დიამეტრისინგრედიენტები:
ბისკვიტი
- 10 კვერცხი
- 10 ს.კ. შაქარი (250 g)
- 10 ს.კ. ფქვილი (300 g)
- 3 ს.კ. ლიმონის წვენი
- 6 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 4 ს.კ. კაკაო
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
შოკოლადის კრემი
- 500 მლ რძე
- 3.5 ს.კ. სიმინდის სახამებელი
- 200 გ კარაქი ოთახის ტემპერატურის
- 400 გ შოკოლადის პასტა ოთახის ტემპერატურის
- მწიკვი მარილი
- 100 გ შაქარი
შაქრის სიროფი
- 12 ს.კ. წყალი
- 5 ს.კ. შაქარი
- 3-4 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
შოკოლადის განაში
- 100 გ შოკოლადი
- 150 მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
ასევე
- 3 ფორთოხალი
მომზადება:
ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. გულს დაასხით ზეთი და ლიმონის წვენი, ჩანგლით ოდნავ ათქვიფეთ და გადადგით გვერდზე. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ, ღრუბლისებრ მასას რომ მიიღებთ, სათითაოდ დაამანეტეთ შაქარი (ჯამში 10 ს.კ.) და ნელა თქვიფეთ, როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება დაუმატეთ ვანილი და კვლავ მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე. ბეზეს ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით დაუმატეთ კვერცხის გულების მასა და ფრთხილად შეურიეთ, სათქვეფის მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს ზემოდან ქვემოთ. ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ და ჩააცერით კვერცხიან მასას, კვლავ ფრთხილად შეურიეთ ხელის სათქვეფით/სილიკონის ნიჩბით იმავე მოძრაობით. საცხობ ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 40-60 წთ. ხის წკირი როცა მშრალი ამოვა, მზადაა. სრულად გააგრილეთ ცხაურზე. სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ კრემი. ამისთვის ჯერ მოხარშული კრემი უნდა მოამზადოთ: სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ სიმინდის სახამებელი (თუ არ გაქვთ, ფქვილით შეცვალეთ), შაქარი (1/2 ჩ.ჭ.) და ნელ-ნელა დაუმატეთ რძე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ სახამებელი კარგად გაიხსნას და ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ქვაბი დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ. როცა წამოდუღდება და შესქელდება, რამდენიმე წუთი ადუღეთ, თან კარგად ურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. ზემოდან სამზაეულოს ცელოფანი გადააკარით და ისე გააციეთ, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თავზე ქერქი არ გაიკეთოს. უნდა მიიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე. კრემის მომზადების მეორე ეტაპზე, ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად გათქვიფეთ, თქვიფეთ დაახლოებოთ 5 წუთი, შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ ასევე ოთახის ტემპეტატურის მოხარშული კრემი, ბოლოს კი შოკოლადის კარაქი. სიროფის მოსამზადებლად ქვაბში ჩაყარეთ შაქარი (5 ს.კ.), დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ, რათა შაქარი კარგად გაიხსნას, ადუღეთ 2-3 წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გაციებულ სიროფს დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი. ბისკვიტი გაჭერით სამ თანაბარ ნაწილად, თითოეული ფენა დანამეთ, წაუსვით კრემი და მოაწყეთ ფორთოხლის ნაჭრები. ბოლო ფენას და გვერდებსაც წაუსვით კრემი და მოასწორეთ ზედაპირი. ტორტი ცოტა ხნით შედგით მაცივარში. ამასობაში მოამზადეთ შოკოლადის განაში, ამისათვის ნაღები აადუღეთ და დაასხით შოკოლადის ნატეხებს, ურიეთ და აქციეთ ერთიან მასად. შეაგრილეთ და მოასხით ტორტს, მე ჯერ კიდეებზე ჩამოვაწვეთე და შემდეგ ტორტის ცენტში დავასხი, აქედან კი მთელ ზედაპირზე ფრთხილად გავანაწილე.ტორტი მორთეთ თქვენი გემოვნებით.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.

