მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
მარწყვის სეზონი ისე ვერ ჩაივლიდა, მარწყვის დესერტის ერთი რეცეპტი მაინც რომ არ შემომეთავაზებინა თქვენთვის. გიზიარებთ ძალიან მარტივი და გემრიელი ჩიზქეიქის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება გამოცხვობა.
მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
Course: დესერტიDifficulty: საშუალოულუფა
10
პერსონისთვისდაყოვნების დრო
8
hoursმომზადების დრო
30
minutesინგრედიენტები
- ძირისთვის:
200 გ. ორცხობილა
90 გ. გამდნარი კარაქი
- შიგთავსისთვის
300 გ. მარწყვი
100 გ. შაქარი
600 გ. კრემ-ყველი
200 მლ ნაღები (35%)
300 გ. შესქელებული რძე
1 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი
3 ჩ.კ. ჟელატინი
30 მლ ცივი წყალი
მომზადების ინსტრუქცია
- ფორმა: 30X11 სმ.
ძირის მოსამზადებლად ორცხობილა დაფშხვენით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ ჩაუფენთ საცხობ ქაღალდს, კოვზის დახმარებით გადაანაწილეთ მთელ ფორმაზე და კარგად დატკეპნეთ. მოათავსეთ მაცივარში შიგთავსის მომზადებამდე. - მარწყვი შაქართან ერთად დააბლენდერეთ. გადაიტანეთ მცირე ზომის ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 10 წუთი, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ ჭურჭელში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, ისე რომ მთელ ზედაპირს მჭიდროს ეკვროდეს და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- შიგთავსის მოსამზადებლად კრემ-ყველი, ნაღები, შესქელებული რძე და ვანილი მოათავსეთ ჯამში და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ კრემოვანი მასა.
- ჟელატინს დაუმატეთ წყალი, გააჩერეთ გასაფუებლად 5 წუთით. შემდეგ კი გაადნეთ (არ აადუღოთ).
- გამდნარი ჟელატინი დაუმატეთ ჩიზქეიქის მასას, კარგად ამოურიეთ. მასა გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, ერთს დაუმატეთ მარწყვის სიროფი და კარგად ამოურიეთ.
- ფორმაში ჯერ გაანაწილეთ თეთრი მასა, შემდეგ კი მარწყვიანი ფენა. ჩიზქეიქი მოათავსეთ მაცივარში 6-8 საათით.
მორთეთ სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!