მე გამოვიყენე 9 %-იანი ხაჭო და 20 %-იანი არაჟანი, შეგიძლიათ ნაკლები პროცენტობისაც გამოიყენოთ, თუმცა რაც უფრო მაღალპროცენტიან იყენებთ, მით უფრო გემრიელი გამოდის.
განაში მე მოვამზადე 35 %-იანი ნაღებით.
ხაჭოს ბურთულების მოსამზადებლად ხაჭოს დაუმატეთ არაჟანი, შაქარი და ვანილი, ჩანგლით კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ქოქოსის ფანტელები (სულ ცოტა შემოინახეთ გასაფორმებლად). მიღებული მასისაგან გააკეთეთ ბურთულები (მე გამომივიდა 11 ცალი), შედგით მაცივარში ბისკვიტის ცომის მომზადებამდე.
ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხი საშუალო სიჩქარით თქვიფეთ 1 წთ, შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი. 3-4 წუთი თქვიფეთ და დაუმატეთ ვანილი და ზეთი. კვლავ ათქვიფეთ 1-2 წთ. მშრალი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და 2 ნაწილად ჩააცერით კვერცხიან მასას, ხელის სათქვეფით ფრთხილად შეურიეთ.
საცხობი ფორმის მხოლოდ ფსკერს წაუსვით სულ ცოტაოდენი ზეთი, გადაიტანეთ ცომი, მასში წრიულად მოათავსეთ 5 ბურთულა, 1 კი ცენტრში. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
სანამ ბისკვიტი ცხვება მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი, ამისათვის კაკაო, შაქარი და ნაღები მოათავსეთ ქვაბში, ხის კოვზით აქციეთ ერთიან მასად (თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ რომ სითხე არასაკმარისია, თუმცა არ დაუმატოთ მეტი, სქელ მასას მიიღებთ, როგორც ვიდეოშიც ნახავთ), დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, ადუღეთ 1 წთ, თან მორევა არ შეწყვიტოთ. შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ კარაქი, კარგად მოურიეთ რომ ერთიანი მასა მიიღოთ. შოკოლადის მინანქარი ცხელ მდგომარეობაში თხელი კონსისტენციისაა, გაციების შემდეგ კი უფრო განაშის სქელ სტრუქტურას იღებს.
გაციებულ ნამცხვარს წაუსვით შოკოლადის მინანქარი, დარჩენილი ხაჭოს ბურთულები ამოვლეთ ქოქოსის ფანტელებში და მოაწყვეთ ნამცხვარს, ასევე მოაყარეთ ქოქოსის ფანტელებიც.
ძალიან გემრიელი და განსხვავებული ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!