0 0
კიევური ტორტი (ვარიანტი #2)

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ბისკვიტისთვის:
200 გ. კვერცხის ცილა
235 გ. ანუ 9,5 ს.კ. შაქარი
45 გ. ანუ 1,5 ს.კ. ფქვილი
150 გ. ნიგოზი
2 გ. ვანილინი
კრემისთვის:
200 გ. შაქარი
150 მლ. რძე
1 მთლიანი კვერცხი
250 გ. კარაქი
1 ს.კ. კაკაო
2 გ. ვანილინი

კიევური ტორტი (ვარიანტი #2)

მძიმე მარხვის შემდეგ უგემრიელესი ტორტის რეცეპტი მოგიტანეთ, ისეთია გასინჯვისთანავე შეყვარებული რომ დარჩებით. ფირფიტებში ნიგვზის გემო მკვეთრად იგრძნობა, ჰაეროვანი კრემი კი მშვენივრად ერწყმის ბისვიტს. კრემზე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივია, ძალიან ჰაეროვანი და უგემრიელესი. კარგია მოსართავადაც, რადგანაც კარაქის ბაზეზეა და საკმაოდ მყარი კონსისტენცია აქვს მაცივარში გაციების შემდეგ, ჭამისას კი ძალიან ჰაეროვანია. მოკლედ ჩემი რჩევაა, რომ ეს ტორტი მოამზადოთ. კიევური ტორტის სხვა ვარიანტიც არის ბლოგზე, რომელიც სრულიად განსხვავებულია.

  • 2 სთ.
  • პორცია 10
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის:

  • კრემისთვის:

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 20 სმ. დიამეტრის

200 გ. კვერცხის ცილა არის დაახლოებით 5 დიდი კვერცხის ცილა. ცილა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

არ გეგონოთ რომ კრემში შემეშალა და კვერცხის გული უნდა დამეწერა, მთლიანი კვერცხია საჭირო.

  1. ბისკვიტის მოსამზადებლად ნიგოზი მოხალეთ და წვრილად დაჭერით. კვერცხის ცილა ათქვიფეთ, როცა ღრუბლისებრ მასას მიიღებთ შეათქვიფეთ 2 ს.კ. შაქარი და ვანილინი, კვლავ თქვიფეთ მაღალი სიჩქარით რამდენიმე წუთი.
  2. დაჭრილ ნიგოზს დაუმატეთ ფქვილი და დარჩენილი 185 გ. შაქარი (მე მგონი დამავიწდა ამ შაქრის დამატება :D, თუმცა მაინც უგემრიელესი გამოვიდა). კარგად აურიეთ, შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ ბეზე და ფრთხილად ამოურიეთ. ცომი მზადაა.
  3. ცომისგან უნდა გამოაცხოთ 2 ფირფიტა, მე მქონდა 2 20 სმ. ფორმა და მათში გამოვაცხვე (ქვეშ საცხობი ქაღალდი ჩავუფინე), ორივე ერთდროულად დავალაგე საცხობ ფირფიტაზე, თუ არ გაქვთ ამ ზომის ფორმა, მაშინ საცხობ ფირფტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ფანქრით მონიშნეთ 20 სმ. დიამეტრის წრეები, შემდეგ ცომი მასზე გაანაწილეთ.
  4. შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 45-50 წუთი. მე სადაც ვნახე ეს რეცეპტი, იქ ავტორი ამბობდა რომ 2 სთ. უნდა ვაცხოთ, თუმცა 1 საათშიც კი ცოტა ძირი დაეწვა ბისკვიტს, ამიტომ ვფიქრობ 45-50 წუთი საკმარისია. გამომცხვარ ბისკვიტს კრემი 8 საათის შემდეგ წაუსვით.
  5. კრემის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით რძე და დაუმატეთ კვერცხი, კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, როცა ადუღდება კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე 4 წუთი და განაგრძეთ მორევა. ამის შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  6. კარაქი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის იმისათვის, რომ კრემი არ აიჭრას. კარაქი ათქვიფეთ, როცა კრემისებური გახდება და გათეთრდება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ ასევე ოთახის ტემპერატურის მოხარშული კრემი, (აქვს შესქელებული რძის კონსისტენცია), დაუმატეთ ვანილინიც.
  7. მიღებული კრემი გაყავით ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო.
  8. პირველ ბისკვიტს წაუსვით თეთრი კრემი, დაადეთ ზემოდან მეორე ბისკვიტი, მას კი ყავისფერი კრემი წაუსვით თავზე და გვერდებზე.
  9. თუ გსურთ ტორტი ისე მორთოთ როგორც ფოტოზეა, ამისათვის 2-2 ს.კ. თეთრი და ყავისფერი კრემი მოიტოვეთ, საკონდიტრო ტომარის ერთ კიდეში ჩადეთ თეთრი კრემი, მეორე კიდეში კი – ყავისფერი, მორთვისას ისინი ისე შეერევა ერთმანეთს, როგორც ფოტოზეა.

უგემრიელესი კიევური ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
უგემრიელესი პასკები, ვარიანტი #3
წინა
უგემრიელესი პასკები, ვარიანტი #3