უგემრიელესი შოკოლადის ტორტი
27-ში დედას დაბადების დღე იყო და ტრადიციულად ტორტი გამოვუცხვე. სრულიად განსხვავებული ბისკვიტი და კრემი მოვამზადე და ორივეთი უზომოდ კმაყოფილი ვარ. ბისკვიტი გამოდის საკმაოდ რბილი და ნოტიო, ამიტომ არანაირი დანამვა არ სჭირდება. იმდენად რბილი და ნაზია, რომ ფრთხილად უნდა მოეპყრათ, რომ არ დააზიანოთ. რაც შეეხება კრემს, არაჩვეულებრივია მოსართავად, რადგან საკმაოდ მყარი მასა გამოდის. ამ ტორტის დაგვირგვინება შოკოლადის განაშია, რომელიც კიდევ უფრო სრულყოფილ გემოს ქმნის. თუ მოგბეზრდათ კლასიკური ბისკვიტები და ერთფეროვანი კრემები, ეს რეცეპტი თქვენთვისაა და გირჩევთ, რომ შეინახოთ და სცადოთ. რთული არაფერი არაა, თუ მომზადების პროცესს ზუსტად მიყვებით. დრო კი ნამდვილად უფრო ნაკლები დაგჭირდებათ.
დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
- 4 ც. დიდი კვერცხი
- 3 ჩ.ჭ. შაქარი
- 1 ჩ.ჭ. არაჟანი + 1/3 ჩ.ჭ. წყალი
- 1,5 ჩ.ჭ. ცხელი წყალი
- 130 გ. კაკაო
- 3 ჩ.ჭ. ფქვილი
- 3 ჩ.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 2/3 ჩ.კ. მარილი
- 1/2 ჩ.ჭ. ზეთი
- 4 გ. ვანილინი
კრემისთვის:
- 4 დიდი კვერცხის ცილა
- 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
- 350 გ. კარაქი (დარბილებული, მაგრამ არა გამდნარი, ოთახის ტემპერატურის)
- 1/3 ჩ.ჭ. მოხარშული შესქელებული რძე
- 2 გ. ვანილინი
განაშისთვის:
- 100 გ. შოკოლადი
- 100 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (35%+)
საცხობი ფორმა: 25 სმ. დიამეტრის
წვრილად დაჭრილი ნიგოზი მოსართავად (სურვილისამებრ)
ყველა ინგრედიენტი, გარდა ცხელი წყლისა, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. არაჟანთან მითითებული 1/3 ჩ.ჭ. წყალი უნდა შეურიოთ არაჟანს და მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ცალკე მითითებული ცხელი წყალი კი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ინგრედიენტია.
ბისკვიტის ნაწილებს მოეპყარით ფრთხილად, ძალიან რბილია და არ დააზიანოთ.
მომზადება:
- ბისკვიტის მოსამზადებლად ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო, სოდა0 და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ მარილი და შაქარი და კარგად აურიეთ.
- ცალკე ჯამში კი ათქვიფეთ კვერცხი, წყლიანი არაჟანი, ზეთი და შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ ცხელი წყალი. მნიშვნელოვანი დეტალი, კვერცხი პირდაპირ ამ ინგრედიენტებთან ერთად ათქვიფეთ, ანუ ცალკე დიდხანს თქვეფა არ სჭირდება ამ რეცეპტს, უბრალოდ ეს სველი ინგრედიენტები უნდა აქციოთ ერთიან მასად. ბოლოს კი ვანილინიც დაუმატეთ.
- მშრალ ინგრედიენტებს 2-3 ნაწილად შეურიეთ კვერცხიანი მასა. მიიღებთ თხელ ცომს.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ამავე დიამეტრის საცხობი ქაღალდი, ჩაასხით ცომის ნახევარი და შედგით 175 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30-35 წუთი. 25 წუთის გასვლის შემდეგ საცხობში ფორმა შემოაბრუნეთ. 35 წუთის გასვლის შემდეგ კი ხის წკირით შეამოწმეთ ბისკვიტი, თუ მშალი ამოვა, მზადაა.
- ბისკვიტი ფორმაშივე გააციეთ, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და მოაცილეთ ქაღალდი.
- ცომის მეორე ნაწილიც ასევე გამოაცხვეთ.
- კრემის მოსამზადებლად კვერცხის წილა და შაქარი მიქსერით შევურიოთ ერთმანეთ, 2-3 წუთი ათქვეფა საკმარისია, შემდეგ კი დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და განვაგრძოთ თქვეფა დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. ამ დროს შაქარი ცილაში ბოლომდე გაიხსნება. გადმოვდგათ ორთქლის აბაზანიდან და განვაგრძოთ თქვეფა საშუალოდ მაღალი სიჩქარით დაახლოებით 10 წუთით. ამ დროს ჯამი თბილი აღარ იქნება და ბეზე კი მყარი გახდება.
- 10 წუთის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ კარაქის პატარა ნაწილები, ბოლოს კი მოხარშული შესქელებული რძე და ვანილინი. თუ ყველა ინგრედიენტი ერთი ტემპერატურის იქნება კრემი არ აგეჭრებათ, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო აგეჭრათ, 1-2 ჩ.კ. ზეთი შეათქვიფეთ და მაშინვე შეკრავს.
- გაციებული ბისკვიტები გაჭერით შუაზე, თითოეულ ფენას წაუსვით კრემი, ასევე ზემოდან და გვერდებზე. *კრემი თხელ ფენად წაესმევა ყველა ფენას, თუმცა არ გეგონოთ, რომ ცოტაა, ტორტი საკმაოდ მსუყე გამოდის.
- ტორტი 30 წუთით შედგით მაცივარში. განაშის მოსამზადებლად ნაღები მიიყვანეთ ადუბამდე და დაასხით შოკოლადს, მოურიეთ და აქციეთ ერთიან მასად. შეაგრილეთ და მოასხით ტორტს, გვერდებზე შეგიძლიათ ლამაზად ჩამოაწუწოთ.
- ტორტი შეგიძლიათ მორთოთ წვრილად დაჭრილი ნიგვზით.
უგემრიელესი, განსხვავებული ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!