სახელდახელო კექსი

ამ კექსს რომ ვაკეთებდი, არ მიფიქრია ბლოგზე დადება, რადგან ისედაც ბევრი კექსის რეცეპტია, თუმცა როცა გავსინჯე ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა, მაშინვე ჩავიწერე რა და რამდენი გამოვიყენე, რომ არ დამვიწყებოდა. როგორც სახელიდანაც ჩანს მარტივად და სწრაფად კეთდება. გამოვიდა ძალიან არომატული, ნოტიო და გემრიელი. მშვენიერი არჩევანია საუზმისთვის ფინჯან ყავასთან/ჩაისთან ერთად.
ამ მასალით გამოვიდა ორი ცალი კექსი, გამოვაცხვე 18×8 სმ. ფორმაში, თქვენ შეგიძლიათ დიდ ფორმაში გამოაცხოთ, თუმცა ამ შემთხვევაში ცხობის დრო შემცირდება და შეგიძლიათ 180-190 გრადუსზეც გამოაცხოთ.
დაგჭირდებათ:
- 5 ც. კვერცხი (ოთახის ტემპერატურის)
- 1 1/4 ჩ.ჭ. შაქარი
- 3 ს.კ. შესქელებული რძე
- 500 მლ. მაწონი
- 200 მლ. ზეთი
- 1 ც. ვანილინი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 2 ს.კ. ალუბლის ლიქიორი
- 1/4 ჩ.კ. დარიჩინი
- 2 ს.კ. კაკაო
- 15 ს.კ. ანუ 450 გ. ფქვილი
მომზადება:
- კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა მასა მოცულობაში მოიმატებს და მოთეთრო გახდება, დაუმატეთ შესქელებული რძე, მაწონი, (რომელშიც მანამდე სოდას გახსნით), ზეთი, ვანილინი, დარიჩინი, ალუბლის ლიქიორი და კვლავ კარგად ათქვიფეთ.
- ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი და კაკაო, სჯობს რამდენჯერმა გაცრათ, შემდეგ კი კვერცხიან მასას ხელის სათქვეფით შეურიეთ.
- მიღებული ცომი ჩაასხით ზეთწასმულ ფორმაში და შედგით 160-170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 45-50 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
მარტივი და ძალიან გემრიელი კექსი მზადაა, გემრიელად მიირთვით!