ტორტი “მთვრალი ალუბალი”

ტრადიციად მექცა ჩემი ძმის დაბადების დღისთვის ტორტის გამოცხობა, შარშან “შავი ტყე” გავაკეთე და მისი რეცეპტის ნახვა ბლოგზე შეგიძლიათ, იხილეთ აქ. რადგან 9 ივლისს მუდამ მარხვაა, ვერასდროს ვერ ვსინჯავ ტორტს და ვერ ვიგებ რა გამომივიდა, თუმცა იმდენი შემფასებელი მყავს, რომ გადმოცემით ვიგებ როგორია. მთავარი დედაჩემის აზრია ხოლმე, რადგან ყოველთვის გულწრფელად მეუბნება კარგია თუ არა. ამ ტორტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სახელს ნამდვილად ამართლებს, მართლაც მთვრალიაო. ბისკვიტი და კრემი ძალიან კარგი გამოვიდა, კრემს შეხედვითაც ეტყობოდა როგორი ჰაეროვანია. განაშიც როგორც ფოტოზეც ჩანს ძალიან კარგია. მე 13-ში გავსინჯავ და ჩემს აზრს მერე დავწერ გემოსთან დაკავშირებით 😀
დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
- 8 ც. კვერცხი (ოთახის ტემპერატურის)
- 8 ს.კ. მდუღარე წყალი
- 400 გ. (ანუ 16 ს.კ.) შაქარი
- 360 გ. (ანუ 12 ს.კ.) ფქვილი
- 40 გ. (ანუ 4 ს.კ.) კაკაო
- 2 გ. ვანილინი
კრემისთვის:
- 500 მლ. რძე
- 1,5 ჩ.ჭ. შაქარი
- 2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
- 200 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
- 100 მლ. ნაღები (35%+) ძალიან ცივი
- 2 გ. ვანილინი
- 1 ს.კ. შაქრის პუდრა
მოსართავად:
- 200 მლ. ცივი ნაღები (35%+)
- 2-3 ს.კ. შაქრის პუდრა
- 100 გ. შოკოლადი + 150 მლ. ნაღები (35%+)
ასევე დაგჭირდებათ:
- 2,5 ჩ.ჭ. კურკაგამოცლილი ალუბალი
- 100 მლ. არაყი
- 2 ს.კ. შაქარი
ფორმა: 25-26 სმ. დიამეტრის
მომზადება:
- პირველ რიგში წინა საღამოს კურკაგამოცლილ ალუბალს მოაყარეთ შაქარი, დაასხით არაყი, კარგად ამოურიეთ, გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში მთელი ღამით “დასათრობად”.
- ბისკვიტის მოსამზადებლად, კვერცხი რამდენიმე წუთით გათქვიფეთ, შემდეგ კი მონაცვლეობით დაუმატეთ თითო-თითო ს.კ. შაქარი და მდუღარე წყალი, თქვეფა არ შეწყიტოთ. 30 წუთის გასვლის შემდეგ მასა გასამმაგებული ან გაოთხმაგებული იქნება. დაუმატეთ ვანილინი.
ამ ბისკვიტის მომზადებისას აუცილებელია, რომ თქვიფოთ 30 წუთი, თუ დაგეზარებათ, სჯობს სხვა ბისკვიტი მოამზადოთ.
კიდევ ერთი დეტალი, კვერცხი ათქვიფეთ დიდ ჯამში, რადგან საკმაოდ დიდი მოცულობის ცომი გამოდის. მე კარგად ვერ გავთვალე და თქვეფისას სხვა ჯამში გადატანა მომიწია.
- ფქვილი და კაკაო ერთად რამდენჯერმე გაცერით, ასე ჟანგბადით გამდიდრდება და თქვენი ბისკვიტი უკეთესი გამოვა, შემდეგ კი ათქვეფილ კვერცხიან მასას ნელ-ნელა დაუმატეთ. შეურიეთ ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით ფრთხილად, ურიეთ ერთი მიმართულებით – ზემოდან ქვემოთ.
- გამოჭერით საცხობი ფორმის დიამეტრის რგოლი საცხობი ქაღალდისგან და ჩააფინეთ ფორმაში, წაუსვით ცხიმი, ზეთი ან კარაქი და ჩაასხით ცომი. ფორმის თავსახური გაახვიეთ დასველებულ და კარგად გაწურულ ჩაის ტილოში, დააფარეთ ქვაბს ისე, რომ ჰაერი არ შედიოდეს. ბისკვიტი აცხვეთ დაბალ ცეცხლზე, რომელზეც გამანაწილებელი უნდა დადოთ. დაახლოებით 1,5-2 საათში მზად იქნება. როცა გამოცხობის სუნი დადგება, ფრთხილად ახადეთ ფორმას თავსახური და ხის წკირით შეამოწმეთ, თუ სუფთა ამოვა, მზადაა.
- ბისკვიტი გადმოიღეთ ცხაურზე, მოაცალეთ ქაღალდი და გააციეთ.
- კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა ხელის სათქვეფით შეურიეთ რძე. როცა ერთგვაროვანი მასა გახდება დადგით საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. როცა მასა გასქელდება და წამოდუღდება 1-2 წუთი კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე, თან ურიეთ, შემდეგ კი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, ზემოდან სამზარეულოს ცელოფანი ისე გადააკარით, რომ მომზადებულ ფაფას ეხებოდეს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ კრემის ზედა ფენა არ გახმეს. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- იმისათვის, რომ კრემი არ აიჭრას და ჰაეროვანი გამოვიდეს, აუცილებელია კარაქი და მოხარშული ფაფა ერთი ტემპერატურის იყოს. კარაქი კარგად გათქვიფეთ, როცა შედარებით გათეთრდება, ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფაფა და ვანილინი.. 100 მლ. ცივი ნაღები ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ს.კ. შაქრის პუდრა და როცა კრემის კონსისტენციას მიიღებს, შეურიეთ კარაქიან კრემს, ამჯერად კოვზით ან სილიკონის ნიჩბით.
- გაციებულ ბისკვიტს მოაჭერით თავი, დაახლოებით 1 სმ. სიმაღლის. დარჩენილ დიდი ნაწილიდან ამოიღეთ გული, ისე რომ მხოლოდ კედლები და ძირი დარჩეს. ამოღებული მასა დააქუცმაცეთ და დაუმატეთ კრემს. გადაწურეთ “მთვრალი” ალუბლები ( მიღებული სითხე კი დასანამად შეინახეთ.) და ესეც კრემს დაუმატეთ. კარგად აურიეთ დ შიგთავსი მზადაა.
- დანამეთ ბისკვიტისგან მიღებული “თასი” და მიღებული შიგთავსით ამოავსეთ. ბისკვიტის თავიც დანამეთ და დაადეთ.
- მოსართავად 200 მლ. ნაღები ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად, მიღებული კრემი წაუსვით ტორტს გვერდებსა და თავზე.
- განაშის მოსამზადებლად აადუღეთ 150 მლ. ნაღები და დაასხით შოკოლადს, აქციეთ ერთგვაროვან მასად და როცა განაში გაგრილდება, დაასხით ტორტის ცენტრში, დანის ან კოვზის დახმარებით გაანაწილეთ ტორტის თავზე.
- ტორტი შეგიძლიათ მორთოთ ალუბლებით.
უგემრიელესი ტორტი “მთვრალი ალუბალი” მზადაა, გემრიელად მიირთვით!