ალუბლის ტარტი (სამარხვო)

როგორც იქნა მეორე კურსიც დავამთავრე და ახლა უკვე შემიძლია მთელი ჩემი თავისუფალი დრო ბლოგს დავუთმო. მაქსიმალურად ვეცდები ძალიან ბევრი კარგი რეცეპტი შემოგთავაზოთ და იმედი მაქვს, რომ ერთგულად განაგრძობთ ჩემი ბლოგის კითხვას. <3
ეს ტარტი კვირას მოვამზადე, სიმართლე გითხრათ, ამისთვის სულ არ მეცალა, ბოლო გამოცდისთვის ვმეცადინეობდი, მაგრამ, რადგან ალუბალი მქონდა, ძალიან მინდოდა რამე გამომეცხო. ამიტომ შესვენება ნაყოფიერად გამოვიყენე და ეს უმარტივესი, ძალიან არომატული და გემრიელი ტარტი მოვამზადე. ძალიან განსხვავებული ნამცხვარია, ალუბალი თავის წვენს უშვებს, სიმინდის სახამებლით სქელდება და მომზადების შემდეგ თათარის მსგავსი გემო აქვს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ალუბალი თავის მომჟავო გემოსა და არომატს ინარჩუნებს, რაც ჩემთვის ძალიან მოსაწონია. ჩემს ოჯახში დიდი მოწონება დაიმსახურა და ამიტომ გირჩევთ თქვენც მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
ფხვიერი ფენისთვის:
- 2 ჩ.ჭ. ფქვილი
- 150 გ. სპრედი ან მარგარინი (ცივი და კუბიკებად დაჭრილი)
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 5-7 ს.კ. ცივი წყალი
შიგთავსისთვის:
- 5 ჩ.ჭ. კურკაგამოცლილი ალუბალი
- 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი ან ფქვილი
- 3/4 ჩ.ჭ. შაქარი
- 2 გ. ვანილინი
- 20 გ. მარგარინი ან სპრედი
ფორმა: 24-26 სმ.
მომზადება:
- ცომის მოსამზადებლად, სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და შეურიეთ ერთმანეთს, ნელ-ნელა დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი მარგარინი, ბოლოს კი ცივი წყალი. ცომი რომ შეიკვრება გადმოიღეთ კომბაინიდან, გაყავით 2/3 1/3-ზე შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შედეთ საყინულეში მინიმუმ 30 წუთით.
- შიგთავსის მოსამზადებლად ქვამში მოათავსეთ ალუბალი, შაქარი და სიმინდის სახამებელი (თუ სიმინდის სახამებელი არ გაქვთ, გამოიყენეთ ფქვილი), დადგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ. გააჩერეთ იქამდე, სანამ ალუბლის წვენი არ შესქელდება. შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ ვანილინი.
- ცომის 2/3 ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტელეთ, გადაიტანეთ ტარტის ფორმაში, გვერდებზე გადასული კიდეები მოაჭერით. ცომზე გაანაწილეთ შიგთავსი, მასზე კი მარგარინის ნაჭრები დააწყვეთ. დარჩენილი 1/3 ცომი თხლად გააბრტყელეთ, დაჭერით გრძელ 1 სმ. სიგანის ნაჭრებად და ზემოდან ბადესავით გაანაწილეთ ტარტზე.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთი. (გაცხელებისას საცხობს ზედა და ქვედა წვა ჩაურთეთ, ტარტს რომ შედებთ, მაშინ ზედა წვა გამოურთეთ)
- ტარტი სასიამოვნო ოქროსფერს რომ მიიღებს, მზადაა. გამოიღეთ საცხობიდან და ბოლომდე გააციეთ.
უგემრიელესი და ძალიან არომატული ალუბლის ტარტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!