“ზებრა” ბლინები

სიმართლე გითხრათ ბლინები დიდად არ მიყვარს, მის გაკეთებას კექსის გამოცხობას ვამჯობინებ ხოლმე, მაგრამ რადგან ახლა საცხობისგან შორს ვარ და პლუს დაქალი დიდი ხანია მთხოვს, ბლინები გავაკეთე. ვფიქრობდი როგორ გამეხადა ჩემი ბლინები შედარებით განსხვავებული და განსაკუთრებული და გადავწყვიტე “ზებრას” სტილში გამეკეთებინა. მართალია ცოტა მეტი დრო დამეკარგა, მაგრამ გემრიელი და განსხვავებული გამოვიდა. თეთრ ნაწილს ფორთოხლის ლიქიორი დავუმატე, ესენცია რომ მქონოდა, მას ვარჩევდი, უფრო მკვეთრ არომატს მისცემდა.
დაგჭირდებათ:
- 2 ც. კვერცხი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
- 400 გ. მაწონი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 3 ჩ.ჭ. ფქვილი
- 2 გ. ვანილინი
- 1 ს.კ. კაკაო
- 1 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
- მწიკვი მარილი
- ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები.
- შაქარი, მარილი და კვერცხი ერთად ათქვიფეთ, როცა მასა გაფუვდება და მოთეთრო გახდება, დაუმატეთ მაწონი, რომელშიც გახსნით სოდას. კვლავ ათქვიფეთ, დაუმატეთ ვანილი და ჩააცერით ფქვილი. ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად.
- ცომის 1/3-ს დაუმატეთ კაკაო, 2/3-ს კი ფორთოხლის ლიქიორი ან ესენცია.
- ტაფა დადგით დაბალ ცეცხლზე, როცა გაცხელდება დაასხით ზეთი, კაკაოანი და ლიქიორიანი მასა მონაცვლეობით გაანაცილეთ ჩაის კოვზით. გამოაცხეთ ორივე მხრიდან.
ფუმფულა და გემრიელი “ზებრა” ბლინები მზადაა, გემრიელად მიირთვით!