ბროკოლის უგემრიელესი კრემ-სუპი

უკვე მე-5 წელია რაც ბლოგზე ვწერ და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვცდილობ უფრო მადისაღმძვრელი ფოტოები გადავუღო ჩემს გემრიელ კერძებს, რადგან ეს ერთადერთი გზაა თქვენთვის “გემოს გადმოსაცემად”. ლამაზი ფოტოებისთვის ხშირად ვყიდულობ ჭურჭელს, რომლებსაც “სასურათე ჭურჭელს” ვეძახი 😀 ხო და რატომ დავიწყე ამ ყველაფრის დაწერა, ეს ჯამებიც “სასურათედ” მქონდა განკუთვნილი და ერთი სული მქონდა როდის მოვამზადებდი რაიმე გემრიელს, რომ თქვენთვის გამეზიარებინა. დიდი ხანია ბროკოლის კრემ-სუპის გაკეთება მინდა, შარშან ჩემს მეგობართან გავსინჯე და ძალიან მომეწონა არაჟანთან ერთად, მაგრამ არაჟნის გარეშე ვერ შევჭამე. რეცეპტი არ გამომირთმევია, გუშინ ჩემებურად მოვამზადე (და უკვე გაქრა :D) და უგემრიელესი გამოვიდა როგორც არაჟნით, ასევე მის გარეშეც, ამიტომ შეგიძლიათ მარხვის დროსაც მიირთვათ.
დაგჭირდებათ:
- 1 თავი ბროკოლი (დაახლოებით 500 გ. )
- 3 საშუალო ზომის კარტოფილი
- 1 საშუალო ზომის სტაფილო
- 3 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 კონა ოხრახუში
- 1,5 ლ. წყალი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- 2 ს.კ. ზეთი
მომზადება:
- წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთდასხმულ გაცხელებულ ქვაბში მოვშუშოთ, ცოტა შაქარი მოვაყაროთ, რომ სწრაფად კარამელიზდეს. შემდეგ დავასხათ წყალი და როცა ადუღდება ჩავყაროთ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი.
- სტაფილო და კარტოფილი თითქმის რომ მოიხარშება, დავუმატოთ ბროკოლის ყვავილები. ყველაფერი რომ მოიხარშება დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. ერთხელაც წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- ცოტა შევაგრილოთ და დავაბლენდეროთ.
- მიირთვით არაჟანთან ერთად, თუმცა მის გარეშეც ძალიან გემრიელია.
ბროკოლის უგემრიელესი კრემ-სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!