სოკოს კრემ-სუპი არაჟნით

დღეს მარტივ რეცეპტს გიზიარებთ, მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება და არის ძალიან გემრიელი. სოკოს სუპების რამდენიმე რეცეპტი არის ბლოგზე, თითოეული მათგანის გემო განსხვავდება ერთმანეთისგან. დღევანდელიც სრულიად სხვა გემოსია, რადგან ინგრედიენტების სიუხვით არ გამოირჩევა, სოკოს გემო უფრო მეტად დომინირებს.
დაგჭირდებათ:
- 500 გ. ქამა სოკო
- 3 თავი ხახვი
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 ც. სტაფილო
- 1/2 კონა ოხრახუში ან ქინძი (სჯობს ქინძი)
- 1,5 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1 ჩ.კ. ქინძის სუნელი
- მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
- 1,5-2 ლ. წყალი
- 2-3 ს.კ. ზეთი
- 200 გ. არაჟანი
მომზადება:
- ხახვი და ნიორი წვრილად, გარეცხილი, გასუფთავებული ქამა სოკო და სტაფილო კი კუბიკებად დავჭრათ.
- გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ქვაბში ხახვი და ნიორი მოვთუშოთ, შემდეგ დავამატოთ სტაფილო და სოკო და კარგად ავურიოთ. დავაფაროთ თავსახური, სოკო თავის წვენს გამოუშვებს და მოითუშება. შემდეგ დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.
- ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი ან ოხრახუში, სუნელები, მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა. ერთხელაც წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევაგრილოთ და დავაბლენდეროთ.
- არაჟანი დავუმატოთ სერვირებისას.
მარტივი და გემრიელი სოკოს კრემ-სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!