თევზის ფილე ლუდის ცომში

შაბათის მთელი საღამო თევზს ვაკეთებდი. სკუმბრია გამოვაცხვე და უგემრიელესი გამოვიდა, ამის რეცეპტს არ გიზიარებთ, რადგან ასე მომზადებული კალმახის უკვე დევს. რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, საკმაოდ მარტივია. დროც არ დაგჭირდებათ ბევრი თუ პირდაპირ ფილეს იყიდით, მე თევზი მქონდა და მისგან ჯერ ფილე გავაკეთე და ცოტა მეტი დრო დამჭირდა. სხვა დანარჩენი მარტივად და სწრაფად მზადდება. შედეგი არის უგემრიელესი, გამოდის ძალიან ხრაშუნა. თევზის არამოყვარულებსაც რომ მოეწონათ ისეთია. მომზადების შემდეგ რომ გაცივდება მალევე მიირთვით, რადგან შემდეგ რბილდება. ამის მერე შეგიძლიათ ზეთში გააცხელოთ და რომ გაცივდება ისევ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
დაგჭირდებათ:
- 4-5 ც. თევზი ხეკი ან 1 კგ. ფილე
- 1 ჩ.ჭ. ფქვილი + დამატებით
- 1 1/4 ჩ.ჭ. ლუდი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. მარილი
- ცოტა პილპილი
- ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- თუ თქვენც თევზს იყიდით, გარეცეთ და ჯერ ფარფლები მოაჭერით, თუ მამალია, მაშინ კანი მთლიანად მოაშორეთ, თუ არადა, შეგიძლიათ დაუტოვოთ. გაჭერით სიგრძეზე და ამოაცალეთ ფხები. შემდეგ კი სასურველ ზომებად დაჭერით.
- ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და გამაფხვიერებელი, აურიეთ და შემდეგ დაუმატეთ ლუდი, ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად, მიიღებთ თხელ ცომს.
- თევზის ნაჭრები ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კი ცომში და გაცხელებულ ზეთში შეწვით ორივე მხრიდან. თევზი 2 სმ.-ის სიმაღლეზე მაინც უნდა იყოს.
- შემწვარი თევზის ნაჭრები სამზარეულოს ხელსაცოხზე ამოიღეთ, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.
უგემრიელესი ხრაშუნა თევზის ჩხირები მზადაა, გემრიელად მიირთვით!