სპაგეტი ისპანახითა და სოკოთი
დროის სიმცირის გამო კვირაში მხოლოდ 1-2 რეცეპტის გაზიარებას ვახერხებ, მაგრამ რაც მთავარია კარგი და გემრიელი კერძების რეცეპტებს გთავაზობთ. ეს სპაგეტი სახლში რაც მქონდა იმ ინგრედიენტების მოვამზადე. შედეგი მართლა ძალიან უცხო და გემრიელი გამოვიდა. ხომ არის კერძები ერთმანეთს რომ გავს, ამ სპაგეტს კი სრულიად განსხვავებული გემო ჰქონდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, უგემრიელესია. სამარხვოა, ასე, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
- 250-300 გ. სპაგეტი
- 800 გ.-იანი ქილა დაკონსერვებული სოკო
- 700 გ. ისპანახი
- 250 გ. პომიდორი (შეიძლება დაკონსერვებულიც)
- 1 ს.კ. ტომატპასტა
- 1 ჩ.კ. ორეგანო
- 2 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 2 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 2-3 ს.კ. ზეთი
- მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და გაცხელებულ ზეთმოსხმულ ქვაბში მოვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ ტომატპასტა და ავურიოთ.
- დაკონსერვებულ სოკოს გადავუწუროთ თავისი წვენი და ადუღებული წყალი დავასხათ, გავაჩეროთ 10-15 წუთი. შემდეგ გადავუწუროთ წყალი და ხახვსა და ნიორს დავუმატოთ, ცოტა მოვთუშოთ.
- ამასობაში გარეცხილი და გაფუსთავებული ისპანახი სქელ ნაჭრებად დავჭრათ და ესეც დავუმატოთ სოკოს, ამოვურიოთ.
- პომიდორი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ და დავუმატოთ სოკოსა და ისპანახს, კარგად ამოვურიოთ და დავაფაროთ თავსახური. რამდენიმე წუთი ვაცადოთ, რომ ყველაფერი ერთად კარგად მოითუშოს.
- ამასობაში მოვხარშოთ სპაგეტი ადუღებულ მარილიან წყალში, რომელსაც რამდენიმე წვეთი ზეთი უნდა დავუმატოთ. მოხარშულ სპაგეტს გავავლოთ ცივი წყალი და მომზადებულ ბოსტნეულს დავუმატოთ. ბოლოს შევაზავოთ უცხო სუნელით, ორეგანოთი, პილპილით, წითელი წიწაკითა და მარილით.
უგემრიელესი და განსხვავებული სპაგეტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!