ოსპის სუპი ისპანახით

დღეს ჯანსაღი, გემრიელი და საკმაოდ ნოყიერი სუპის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. მომზადება საკმაოდ მარტივია და დიდ დროსაც არ მოითხოვს. რაც მთავარია, საკმაოდ სასრგებლოა. 1 ჭიქა ოსპი რკინის დღიური ნორმის მესამედს შეიცავს. ოსპის მსგავსი პარკოსნები დაბლა წევენ ქოლესტერინის დონესა და სისხლის წნევას. რაც შეეხება ისპანახს, ის კალციუმის კარგი წყაროა. შეეცადეთ ისპანახი ძალიან არ ჩახარშოთ, რათა სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს. რაც შეეხება გემოს, ოსპის გემო ძალიან გავს ლობიოს გემოს. მაგრამ მისგან განსხვავებით არ ბერავს.
დაგჭირდებათ:
- 1 ჩ.ჭ. ოსპი (მე წითელი ოსპი გამოვიყენე)
- 300 გ. ისპანახი
- 3 ც. სტაფილო
- 1 ც. ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1,5 ჩ.კ. ორეგანო
- 2 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1,5 ჩ.კ. პაპრიკა
- მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვლებით
- 1 ლ. წყალი
- 2 ს.კ. ზეთი
- 1 ს.კ. ტომატპასკა
მომზადება:
- ოსპი კარგად გარეცხეთ (სანამ გამჭვირვალე წყალი არ გაუვა). ისპანახიც კარგად გარეცხეთ და 1 სმ. სისქეზე დაჭერით.
- ხახვი წვრილად დაჭერით და გაცხელებულ ზეთმოსხმულ ქვაბში მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, 1 წუთის შემდეგ კი თხელ რგოლებად დაჭრილი სტაფილო, 1-2 წუთი განაგრძეთ მოშუშვა. შემდეგ დაუმატეთ ორეგანო, უცხო სუნელი, პაპრიკა და ოსპი, კარგად ამოურიეთ და დაასხით წყალი. როცა ადუღდება, დაუწიეთ და ადუღეთ იქამდე, სანამ ოსპი არ მოიხარშება.
- ბოლოს დაუმატეთ მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა, ტომატპასტა და ისპანახი. ერთხელ ისევ წამოადუღეთ და მზადაა.
გემრიელად მიირთვით!