სამარხვო ნამცხვარი

ეს ნამცხვარი ახალი წლისთვის მოვამზადე და მას მერე თქვენთვის გაზიარება აღარ ვიჩქარე, რადგან ხსნილის დროს, სავარაუდოდ, არავინ მოამზადებდა. საკმაოდ მარტივი რეცეპტია, შეგიძლიათ სამარხვო ტორტისთვისაც გამოიყენოთ. ბისკვიტი რბილი და არომატულია.
დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
- 540 გ. ფქვილი (გაცრილი)
- 2 ჩ.კ. სოდა
- 300 გ. შაქარი
- 1 ფორთოხლის ცედრა
- 1ფორთოხლის წვენი
- 2 ჩ.კ. ვანილინი
- 200 მლ. ზეთი
- 340 მლ. წყალი
კრემისთვის:
- 500 მლ. წყალი
- 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
- 2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.კ. ვანილინი
- 100 გ. მცენარეული კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
- 200 გ. სამარხვო ნაღების ფხვნილი + 150 მლ. ცივი წყალი
მომზადება:
- ბისკვიტის მოსამზადებლად მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ჯამში, შემდეგ დაუმატეთ ზეთი, წყალი, ფორთოხლის წვენი, ხელის სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთს.
- საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, ცომის ნახევარი გაანაწილეთ და შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 10-15 წუთი.
- მეორე ნაწილიც ასე გამოაცხეთ.
- კრემის მოსამზადებლად, ქვაბში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, ვანილინი და ნელ-ნელა შეათქვიფეთ წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. როცა მასა გასქელდება და წამოდუღდება 1-2 წუთი კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით და გააციეთ.
- მცენარეული კარაქი კარგად ათქვიფეთ, შემდეგ კი ნელ-ნელა დაუმატეთ გაციებული მოხარშული კრემი.
- სამარხვო ნაღების ფხვნილი ცივ წყალთან ერთად ათქვიფეთ, როცა მყარ, სქელ მასას მიიღებთ, კოვზით ან სილიკონის ნიჩბით შეურიეთ პირველი კრემი. კარგად აურიეთ.
- გაციებულ ბისკვიტს წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ბისკვიტი და მასაც წაუსვით კრემი. შეგიძლიათ გვერდებზეც წაუსვათ. მორთეთ თქვენი სურვილის მიხედვით.