უგემრიელესი ფრანგული ნამცხვარი – შუ

ფრანგული სამზარეულო ძალიან საყვარელი და გამორჩეულია ჩემთვის, განსაკუთრებით მომწონს მათი დესერტები. შუც მათ შორისაა. მომზადება ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა აუცილებელია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება, რომლებზეც რეცეპტში დეტალურად მოგიყვებით.
წლების წინ მეგობარმა ძალიან კარგი წიგნი მაჩუქა , რომლიდანაც ბევრი რეცეპტი ვცადე და ყველა განსაკუთრებულად მომეწონა. ეს რეცეპტიც იმ წიგნში ვნახე და არაჩვეულებრივი შუები გამომივიდა. ამ პორციით ცოტა გამოდის, დაახლოებით 12-15 ცალი, ამიტომ შეგიძლიათ გააორმაგოთ ან გაასამმაგოთ.
დაგჭირდებათ:
ცომისთვის:
- 250 მლ. წყალი
- 60 გ. კარაქი
- მწიკვი მარილი
- 1 არასავსე ჩ.კ. შაქრიანი ვანილი
- 130 გ. ფქვილი
- 3 ც. კვერცხი
კრემისთვის:
- 250 მლ. რძე
- 2 ს.კ. ფქვილი
- 5 ს.კ. შაქარი
- 100 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
- 1/2 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი
შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად (სურვილისამებრ)
მომზადება:
- ქვაბში მოათავსეთ წყალი, კარაქი, ვანილი და მარილი, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, რომელსაც წინასწარ 2-3-ჯერ გაცრით. ურიეთ ხის ჯოხით რამდენიმე წუთით.
- ცომი გუნდად უნდა იქცეს და ქვაბის ძირზე თეთრი აპკი უნდა გაჩნდეს, ამ დროს ცომი მზადაა. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. (ცომის გაგრილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია).
- გაგრილებულ ცომს მიქსერით სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, საკონდიტრო პარკის ან ჩაის კოვზის დახმარებით დასვით ცომი. (საცხობ ქაღალდზე არაფერი არ წაუსვათ!)
- შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთი. ჩემს ღუმელში 25 წუთი დასჭირდა. ზემოდან სასიამოვნოდ უნდა გაოქროსფერდეს. (ეს დეტალიც ძალიან მნიშვნელოვანია, შუს თავი უფრო მუქი უნდა იყოს ვიდრე გვერდები, რათა გამოღების შემდეგ არ ჩავარდეს).
- გამომცხვარი შუები გადაიტანეთ ცხაურზე და გააციეთ.
- კრემის მოსამზადებლად ქვაბში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, აურიეთ, შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ. როცა შესქელდება და წამოდუღდება 1-2 წუთი კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით და გააციეთ.
- კარაქი გათქვიფეთ, როცა კრემისებური კონსისტენციის გახდება ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული კრემი, ბოლოს კი ვანილი.
- გაციებულ შუებს ძირზე გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი, საკონდიტრო პარკის საშუალებით შუები ამოავსეთ კრემით.
- ბოლოს კი შაქრის პუდრა მოაყარეთ.
უგემრიელესი შუები მზადაა, გემრიელად მიირთვით!