შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი
დღევანდელი რეცეპტი სამ ახალ რეცეპტს აერთიანებს: ძალიან ჰაეროვან და ფუმფულა ბისკვიტს, ბეზესა და კარაქის კრემს, კარამელიზირებულ ფორთოხლებს. სიმართლე გითხრათ, კრემი პრობლემური აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ის რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ვაკეთებდი, არ იყო საკმარისად დეტალური. შემდეგ ვნახე სხვა ძალიან კარგად აღწერილი ვარიანტი და თქვენც გეტყვით იმ რჩევებს, რომლები კარგი იქნებოდა მეც მენახა გაკეთებამდე. ეს კრემი სამ ეტაპად მზადდება, პირველი ორი ეტაპი ძალიან წარმატებით გავიარე 🙂 არაჩვეულბრივი ბეზე გავაკეთე და კარაქის დამატების შემდეგ ჰაეროვანი კრემი მივიღე, გამდნარმა შოკოლადმა კი ყველაფერი წყალში ჩამიყარა. მართალია ძალიან ცხელი არ დამიმატებია, შევაგრილე და ნელ-ნელა შევათქვიფე, მაგრამ მაინც ამიჭრა კრემი. როგორც მერე ვნახე, შოკოლადი ბოლომდე გაციებული უნდა ყოფილიყო, ოღონდ კვლავ თხევადი. (მომზადების დეტალებს ქვემოთ სრულყოფილად მოგიყვებით). მიუხედავად კრემთან არსებული პრობლემისა, რომელიც მეტნაკლებად გამოვასწორე, ძალიან კარგი ტორტი გამოვიდა. ცოცხალი ფორთოხლებით სავსე შუა ფენა ძალიან არომატულია.
დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
- 6 კვერცხი (ოთახის ტემპერატურის)
- 90 გ. შაქარი
- 90 გ. ფქვილი
- 70 მლ. რძე/წყალი
- 60 გ. (ანუ 5 ს.კ.) ზეთი
- 1/2 ჩ.კ. ვანილინი
კრემისთვის:
- 5 კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის)
- 1 1/4 ჩ.ჭ. შაქარი
- მწიკვი მარილი
- 350 გ. კარაქი (ცივი, მაგრამ არა გაყინული)
- 220 გ. შავი შოკოლადი
კარამელიზირებული ფორთოხლებისთვის:
- 1 ფორთოხალი
- 1 1/2 ჩ.ჭ. წყალი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
ასევე დაგჭირდებათ:
- 1 ფორთოხალი
- 1/3 ჩ.ჭ. თბილი წყალი + 1 ს.კ. შაქარი + 2 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
- 2 ჩ.კ. კაკაო
ფორმა: 20-22 სმ. დიამეტრის (მე 26 სმ-იანი გამოვიყენე, ამიტომ ჩემი ტორტი ისეთი მაღალი არ გამოვიდა, როგორიც პატარა ფორმაში გამოვა ამ მასალით )
მომზადება:
- ბისკვიტის მოსამზადებლა 5 კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ, გულები და 1 მთლიანი კვერცხი ხელის სათქვეფით ცოტა გათქვიფეთ, დაუმატეთ ზეთი, რძე და კვლავ გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ვანილი და ჩააცერით ფქვილი, აქციეთ ერთიან მასად და გადადგით გვერდით.
- 5 კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, ცოტა რომ აქაფდება დაუმატეთ შაქარი და მაღალი სიჩქარით თქვიფეთ იქამდე, სანამ მყარ ბეზეს არ მიიღებთ. ბეზეს მესამედი ფრთხილად შეურიეთ გულებიან მასას. შემდეგ კი ეს უკანასკნელი გადაიტანეთ დარჩენილ ბეზეში და ფრთხილად შეურიეთ სილიკონის ნიჩბით ან ხელის სათქვეფით, ურიეთ ზემოდან ქვემოთ.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ამავე დიამეტრის საცხობი ქაღალდი, ფორმას გვერდებზეც გაუკეთეთ ქაღალდი და გადაიტანეთ ბისვიტის ცომი. ფორმა ცოტა შეარხიეთ და ჩადგით თავისზე დიდ ფორმაში, რომელშიც 1 სმ. სიმაღლეზე უნდა ჩაასხათ ცხელი წყალი. შედგით 160 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30-35 წუთი. შემდეგ დაუწიეთ 140 გრადუსამდე და კვლავ აცხვეთ 30-35 წუთი. (რადგან ჩემი დიდი ფორმა იყო 140 გრადუსზე დაწევის შემდეგ 15 წუთში მზად იყო). ბისკვიტი შეამოწმეთ ხის წკირით, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
- ფორმაში ცოტახანი შეაგრილეთ და შემდეგ გადმოიტანეთ ცხაურზე, ფრთხილად მოაშორეთ ქაღალდები და გააციეთ.
- კრემის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ოდნავ გათქვიფეთ, როცა აქაფდება, დაუმატეთ შაქარი და დადგით ოთქლის აბაზანაზე 4 წუთით, თან ურიეთ. შემდეგ გადმოიტანეთ და თქვიფეთ 8-10 წუთი, ამ დროში ჯამი გაცივდება და თქვენი გეზე მკვრივი და პრიალა გახდება.
- შემდეგ შეათქვიფეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი დაბალი სიჩქარით, ამ დროს ბეზე გათხელდება, მაგრამ არ ინერვიულოთ, განაგრძეთ თქვეფა მაღალი სიჩქარით და თქვენი კრემი კვლავ ჰაეროვანი გახდება.
- ბოლოს ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი, ბოლომდე გააციეთ ოღონდ ისე, რომ კვლავ თხევადი იყოს და ნელ-ნელა შეათქვიფეთ კრემს, კვლავ თქვიფეთ 5 წუთი და თქვენი კრემი მზადააა.
- ფორთოხალი კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით, შემდეგ თხლად დაჭერით. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და დადგით ცეცხლზე. როცა შაქარი გაიხსნება და სიროფი წამოდუღდება, ჩააწყვეთ მასში ფორთოხლები, ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, ფორთოხლები ამოაბრუნეთ და კვლავ ადუღეთ 15-20 წუთი. ამოიღეთ ფორთოხლები და დააწყვეთ ცხაურზე, რომლის დაბლაც სამზარეულოს ცელოფანი ან ქაღალდი უნდა დააფინოთ. გააჩერეთ ფორთოხლები რამდენიმე საათით ან 1 ღამით.
- ბისკვიტი გაჭერით შუაზე, თუ პატარა ფორმაში გამოაცხობთ 3 ნაწილად გაჭერით. დანამეთ ლიქიორიანი სიროფით, წაუსვით კრემის ნახევარი, ზემოდან მოაწყვეთ ცოცხალი ფორთოხლის ნაჭრები (არა კარამელიზირებული), დაადეთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, ზემოდანაც წაუსვით კრემი, მოაფრქვიეთ კაკაო და ბოლოს გააფორმეთ კარამელიზირებული ფორთოხლებით.
უგემრიელესი ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!