ფორთოხლის ლიქიორი

ციტრუსების კანისგან იმდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომ მათი გადაყრა დასანანია. შეგიძლიათ გახეხილი ცედრა შაქართან ერთან შეინახოთ და ნამცხვრებში არომატისათვის გამოიყენოთ. ასევე შეიძლება ესენციის მომზადებაც, რომელსაც რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ. ეს ლიქიორიც ფორთოხლის კანისგან მზადდება, საკმაოდ არომატულია და ლამაზი ფერი აქვს. რეცეპტი ერთ-ერთ უცხოურ კულინარიულ ბლოგზე ვნახე და მის მიხედვით მოვამზადე, მაგრამ ისეთი ძლიერი გამოვიდა, რომ კაცსაც კი გაუჭირდებოდა მისი დალევა 😀 ამიტომ, გადაკეთებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რათა სასიამოვნოდ დასალევი სასმელი მიიღოთ. აი რატომაა კარგი ლეთსქუქზე კითხვა <3 უბრალოდ ნათარგმნ რეცეპტს კი არ გთავაზობთ, არამედ გამოცდილსა და საჭიროებისამებრ კორექტირებულს.
დაგჭირდებათ:
- 6 ც. ფორთოხალი
- 750 მლ. სპირტი ან მაღალგრადუსიანი არაყი
- 1,5 ლ. (ანუ 6 ჩ.ჭ.) წყალი
- 4 ჩ.ჭ. შაქარი
- 3 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი
მომზადება:
- პირველ რიგში ფორთოხალი კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით, დაიხმარეთ ხაოიანი ნაჭერი, რათა ჭუჭყი კარგად მოშორდეს. შემდეგ გაამშრალეთ და ძალიან ფრთხილად გათალეთ. შეეცადეთ კანს თეთრი ნაწილი არ მიაყოლოთ.
- გათლილი კანი მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით არაყი, დააფარეთ თავსახური და დადგით გრილ, ბნელ ადგილას 10 დღით. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ საერთოდ დაივიწყოთ მისი არსებობა 🙂 მორევა არ სჭირდება.
- 10 დღის შემდეგ მოამზადეთ მარტივი სიროფი, ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას, დაუმატეთ ვანილიც. ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ კი კარგად გააციეთ და ასე დაუმატეთ სპირტიან/არყიან მასას. აურიეთ და ფორთოხლის ლიქიორიც მზადაა.