ხაჭაპური

ხაჭაპურს ქართულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ალბათ რთულად მოიძებნება ადამიანი ეს არაჩვეულებრივი კერძი რომ არ უყვარდეს. იმერული, მეგრული, ოსური, მაწვნიანი თუ ფენოვანი ცომით, მრავალი ვარიაცია არსებობს და მათ შორის საუკეთესოს არჩევა მარტივი საქმე როდია. მახსოვს, ბავშვობაში სოფელში რომ მივდიოდით, ჭიათურაში ყოველთვის ვჩერდებოდით ერთ საცხობთან, სადაც ძალიან გემრიელ იმერულ ხაჭაპურს აკეთებდნენ – თხელი ცომითა და ბევრი ყველით. ჩემ გაკეთებულ ხაჭაპურს იმერულს ვერ დავარქმევ, რადგან, რომ დავფიქრდი პიცის ცომი გამომივიდა :D, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან გემრიელია.
დაგჭირდებათ:
- 500 გ. ფქვილი (+100-150 გ. გადასაზელად)
- 1/2 ს.კ. საფუარი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 300 მლ. თბილი წყალი (ხელს ოდნავ უნდა წვავდეს)
- 2 ს.კ. ზეთი
- 600-700 გ. ყველი
- 1 ც. კვერცხი
- 2 ს.კ. ფქვილი
- კარაქი ან ერბო ზემოდან წასასმელად
მომზადება:
- ცომის მოსამზადებლად, ფქვილი ჩავცრათ ჯამში, ცენტრში “ორმო” გავაკეთოთ და აქ დავუმატოთ მარილი, შაქარი, საფუარი და წყალი. მოვზილოთ ცომი, ბოლოს ზეთიც დავამატოთ, კარგად გადავზილოთ. ცომს გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და დავდგათ თბილ ადგილზე ასაფუებლად 2 საათი.
- შიგთავსის მოსამზდებლად ყველი გავხეხოთ, დავუმატოთ კვერცხი და 2 ს.კ. ფქვილი, კარგად ავურიოთ. გავაკეთოთ 5 ან 6 გუნდა.
- ცომი რომ აფუვდება, გადავზილოთ, აქ შეიძლება ფქვილის დამატება დაგვჭირდეს, გავაკეთოთ 5-6 გუნდა, გადავაფაროთ ჩაის ტილო და კვლავ გავაჩეროთ ასაფუებლად 15-20 წუთი.
- ცომი რომ კვლავ გაფუვდება, ოდნავ გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ ყველის გუნდა ცენტრში და ხინკლის ცომივით მოვახვიოთ, ამოვაბრუნოთ და საბრტყელებლის დახმარებით სასურველ ზომაზე გავაბრტყელოთ. გადავიტანოთ ფქვილ მოყრილ საცხობ ტაფაზე და შევდგათ წინასწარ 240 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 8-10 წუთი.
- ცხელ ხაჭაპურებს ზემოდან წავუსვათ კარაქი ან ერბო.
უგემრიელესი ხაჭაპურები მზადაა, გემრიელად მიირთვით!